понедельник, 13 мая 2013 г.

ლექსები

                       გზა
ისარმა ცხრამდე აზიდა ტანი
უკან დასტოვა ნავალი გზანი,
შენც წადი ყმაო იპოვე ბედი,
იპოვე გზა და რა გინდა მეტი,
მთავარი არის არ იგრძნო დაღლა,
იგი აქარვებს შენს მიზანს ახლა,
ყოველთვის გზისკენ გეჭიროს თვალი,
გზას მიჰყავს სული
უფალთან მაღლა
და ეს უფალი შენშია უკვე,
ყარიბო ღმერთმა გაგხადა ქმედი,
შენც წადი ყმაო იპოვე ბედი,
იპოვე გზა და რა გინდა მეტი.


***
,,ნეტა ქართველი იქცეს ქართველად"
ძველი ნამუსით, სიტყვა წყლიანით
პურმარილით და გულის უხვობით,
სამარადჟამო ჩანგით ხმიანით
ნეტა ქართული იქცეს ქართულად
ჩოხის კალთებზე ღრმად ჩახლართულად,
ხმლის ჭახა–ჭუხზე ნამღერ ჰანგებად
ქართული ენა იქცეს ქართულად,
და ერთიანად მრავალხმიანი
ჩვენი ბედ–იღბლის კვლავ წარმართველად
ნეტა ქართული იქცეს ქართულად,
ნეტა ქართველი იქცეს ქართველად.

***
ქალმა შესვა წყაროს წყალი
ლოყა პეშვით გაისველა,
კაბის კალთა გაიშალა
კულულები დაიგრძელა.
სითბო გულით ატარა და
მზეს სხივები დაუკოცნა,
ჭადრის ჩრდილში დაივანა
ფოთლებს ფერი დაულოცა,
გულმა უგრძნო დაღონება,
თავი მარტო მოიხილა,
ჩუმი სევდა რომ მოაწვა
წუთიერად მოიცილა,
ბულბულების გალობაზე
ბაგეს ვარდი გაეშალა,
ბევრის გულში დაიბუდა
ბევრის გულსაც გაეცალა,
უცებ ნახა სიყვარული,
მაგრამ ვეღარ დაიჯერა,
ქალმა შესვა წყაროს წყალი
ლოყა პეშვით გაისველა.

ქალიშვილ დ-ს
ფიქრი არ მოდის ისე
რომ შენ არ იყო სადმე,
ალბათ ბედია ჩემი
სულის გაყრამდე მწამდე,
გული სიშორეს გლოვობს
და თვალს აკლია სხივი,
მარტო ვარ ისევ ქვეყნად
და ანგელოზთან ვჩივი,
სიზმრად ვიგონებ იმ დროს
როცა გვივლია ერთად,
მას მერე დარდი დამრჩა
ღამეს ვათენებ თეთრად,
მე დაღლილი ვარ კარგო
ამდენ ამაო ფიქრით,
გული მწყდება რომ ასე
სიბერისაკენ მივქრით,
ჩემს შეცდომებს და ცოდვებს
ჩარეცხავს წვიმის წყალი,
და დაგინახავს მაშინ
ჩემი უმანკო თვალი,
შენ ისევ ბავშვად რჩები,
გულში გინთია სხივი,
მე კი მარტო ვარ ისევ
და ანგელოზთან ვჩივი.

მაყვლის მაყვლა
(ნაწყვეტი)
მასპინძელ კაცს ქალიშვილი
ყოლიაო რა,
ამდღეისთვის შემონახულს
მიბნევდაო თვალს,
ცერის ცერი, ჟოლის ჟოლი,
მაყვლის მაყვლა, წაბლის წაბლა თმა
ემშვენაო მას,
იის-ვარდას, ფოთლის-ფურცლას
აფახულებდაო წარბს,
მოცვის თანგრუზს, ზეფირის ყლორტს,
აპაპელებდაო ტუჩს,
ლარის ნაჭას, ნაზად აწვდილს
აიქუნებდაო ტანს,
მონის მხევლად ქცეულ მეგზურს
ჩამოიდებდაო მტლად,
ასის ასი, ხასის ხასი, დასის დასი
შორით ეფოფრებოდაო მას,
ახლოს მოსვლას, ახლოს ყოფნას
ვერ უბედავდნენო ქალს,
ნუთუ ჩვენი შეხებითა
ბნელი ჩრდილი შეადგესო ნაზს,
დუმილითა ეტყოდნენო გულის საწადს,
გულით მოსულ ხმას,
კაკვის ღეროს, სანთლის ცვილის
ჩუქურთმაზე ნაფენ გვირისტს,
შორით უთაღარებდნენო თვალს,
მადლით მოსილს, ედემ მოვლილს,
შუა ცეცხლთან უდგამდნენო სკამს,
ცის ათინათს ქვეყნად მოსულს
გადასახავდნენო ჯვარს,
იის-ვარდას, ფოთლის ფურცლას,
ზეშთა მანდილს გადაუგდებდნენო თავთ,
ხმაზე დუმილს აგებებდნენ
და ღმერთს მისი გაჩენისთვის
შეჰღაღადებდნენო მადლს,
მაყვლის მაყვლა, წაბლის წაბლა
ემშვენაო ტურფა ქალწულს თმა,
ვთქვით: მასპინძელს ქალიშვილი
ყოლიაო, ყოლიაო რა...

მოგონება ბოკისკურთან

დროის ბურთან, გულის ყურთან
ახლოს მყოფი მოგონება ბოკისკურთან,
რა კარგია, რა ჩუმია, რა სადაა,
აქ მცხოვრები ხალხის მსგავსი არსადაა,
მე მივსულვარ ბავშვობისას ბოკისკურთან,
მართალია არ ჰქონია მას ტალღები,
ის არც ზღვაა, არც მდინარე, არის ღელე,
სიბერეშიც აქვე მოვალ ალბათ მერე,
მიყვარს იგი, ვგონებ მასში ცხოვრობს მუზა,
უფრო დიდი, ვიდრე ერთი გუბის მყვარი,
დაიკარგა წარსულ გულის ფეთქვა ყველგან,
მგონი ყველგან დაიკარგა, აქ კი არი,
ბევრჯერ ვცადე მე იმ ბუჩქის გავლა მარტომ
რათა ერთხელ დამეწერა ლექსი,
ღამის პირას მთვარე წყალში ჩანდა,
მე კი ვიყავ დაკარგული მწყემსი.
ბოკისკურის პირას ვნახე შვება,
ბარათაშვილს აღარ ვგავდი მე იქ,
არც ეს ღელე იყო დიდი მტკვარი,
მაგრამ უფრო ჩუმი იყო იგი,
არც ეს მთვარე იყო მთაწმინდისა
გალაკტიონს არც მე აღარ ვგავდი,
ჩემი ფიქრი მიდიოდა სადღაც,
ბოკისკურთან ვარსკვლავს მოწყდა ყანდი,
მე არ ვგრძნობდი მარტოობის გრძნობას,
დროის ბურთან, გულის ყურთან ახლოს
რა კარგია, რა ჩუმია, რა სადაა
გარდასულის მოგონება ბოკისკურთან.


***
დღეს ბედნიერი ვარ, როგორც არასოდეს,
სული რა იქნება ხორცს რომ კარნახობდეს:
ნუ გადაჰყვებიო ზედმეტ ნეტარებას,
იგი არიგებდეს, ამას ეძახოდეს.
ხორციც უჯერებდეს მაშინ რა იქნება
ცოდვა არ იქნება, მადლი განიბნევა,
ეშმას საცეცენი ხორციდან გაიქცევა,
სულს არ დაჭირდება მერე დარიგება,
ჩემი სიხარული უფრო განივრცობა,
და მიწიერებას არ შეუშინდება,
ალბათ მეც დავრჩები უჭკნობ სიხარულად,
ქარში სეირნობა ალბათ მომინდება.

*
მე თუ დავაფასე კაცში რაღაცფერი,
ნუთუ მან არ ნახა ჩემში არაფერი,
სული მხიარული, სული ბედნიერი,
სულ ცვალებადია და სულ წუთიერი..

*
ქალი ვნახე ხალიანი,
ფერუმარილ-ნაცხიანი,
იყო ალვისტანიანი,
აღმოსავლურ ფარჩიანი,
ფერი ჰქონდა ალიონის,
სახე ჰქონდა უწყინარი,
მაგრამ სული სულ სხვა ჰქონდა
ვნახე, გულში ჩავიკარი.

*
მე რაც არ მომწონს ჩემი თავისა,
ღმერთსაც არ მოსწონს მჯერა და ვხედავ,
წუთისოფელი მქმნელი ავისა
ყოველ ხერხს ხმარობს ჩემს გასათელად,
მე კი თუ მხედავთ, აღარ ვიცვლები,
ეს სოფელი კი შეცლილა მეტად,
მე გამისტუმრებს ადგილმშობელი,
და ჩემს მაგივრად სხვა მოვა ვიღაც.

დარდიმანდული

დავრჩი მარტო, ვით ობოლი მარგალიტი,
ცას შევყურებ თვინიერი, როგორც გვრიტი,
ჩემი ყოფა შავი ძაფით ნაქსოვია,
ერთი ქვეყნად მეც მეყნოსა მაგნოლია?!
შევსვათ ღვინო მეგობარო სიმწრის ფასი,
ჩავკლათ დარდი, ისევ მერქვას უდარდელი,
სიკვდილამდე არ გვტოვებდეს ჩვენ ღიმილი,
მეგობრისთვის გული გვქონდეს კვლავ ფიცხელი,
შესვი ღვინო თუ გიყვარდეს ჩემი გული,
შენც დაგიტევს, ბევრი რომ ყავს შიგ ჩასხმული,
მეწამული სილაციცე წინ იშლება,
ფერიებმა გაიტაცეს ჩემი სული.
არსად დავრჩი ძველ მეგობრის გულის მეტში,
ღვინის მეტმა არვინ დამხსნა წუთისოფლის
მძიმე ტვირთი,
გაუმარჯოს ღვინოს, როგორც ძველ მეგობარს,
ვენაცვალე შენს კაცობას და მეობას,
მიყვარს მწუხრის დადგომისას სიო მშვიდი,
ცას შევყურებ თვინიერი, როგორც გვრიტი.

***
სიყვარული ცხოვრებაში ადრე თუ მოდის
სიკვდილამდე გულშია და აღარ ამოდის,
მისი სახე, ვინც გიყვარდა შენს თვალებზე ზის,
გენატრება გაგონება მისი ტკბილი ხმის,
სხვა თუ ამკობს შენს ცხოვრებას და თუ გიშლის ფიქრს,
ღამის მალულ სიახლოვით გესიზმრება ის,
გრძნობ ბავშვობის სიმარტივეს, გაბრწყინებას მზის,
გახსენდება სურნელება იმ ქალწულის თმის,
იღვიძებ და სინამდვილე სულ სხვა გამოდის,
იმ სიზმარში დაბრუნება აღარ გამოგდის,
ხსოვნა თვითონ თბილია და გულს გიტოვებს ცივს,
სურვილები კი მიჰყვება ჟამთამავალ ტივს,
სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ თუ მოდის
პირველია და უკვდავი, მამკობელი ცის,
მოსცილდები და ინანებ განშორებას მისს,
დაკარგულზე ფიქრები კი სულში ცრემლად გდის!

მონატრებული ზაფხულის წვიმა

ზაფხულის ხვატი მინდვრებზე ხვნეშის
საბრალო არის ობოლი ვაზი,
ფერისცვალება ხდება ერთ დღეში
წვეთები წვიმის თუ მოვა ნაზი.
ფოთლები ხეზე დაეძებს სიოს,
სოველი უპე დაფარა სხივმა,
მხურვალე მზერამ სანამდე მდიოს,
მომნატრებია ზაფხულის წვიმა.

იმედი პარტიზანული
ყოველთვის მქონდა რაღაცის ნიჭი
ნიჭი მიბაძვის, მიმბაძველობის,
იმედი მქონდა პარტიზანული
აწ წართმეულის კვლავ დაბრუნების,
ბოლოს არ იყო ყოველი სიბრძნე,
ყოველი სიტყვა ჩემთვის უცნობი,
მაგრამ ცხოვრება იყო სტიქია,
ჩემთვის ის იყო ამოუცნობი.
ბევრი მივლია დაბლობი-ველი,
მას უცაბედად მოჰყვა მაღლობი,
იყო ჭაობი და დაქანება
ცოდვებიც იყო ღვთის საწყალობი,
და მაინც მქონდა სახეზე ღიმი,
ღიმილს მოსდევდა კვლავ სინანული,
სურვილს წარსულის დაბრუნებისას
ერქვა იმედი პარტიზანული.

მორიელის ნაკბენი
წვავს სულსა და მუნავს გულს,
ექიმმა თქვა: მორიელმა დაგშხამაო გუშინ,
მორიელი მაშ ყოფილა ჩემი სატრფო,
და ის ალბათ ჩემს სიცოცხლეს ძლიერ უშლის.
რა ვუყოთ მას, სატრფოა და მომკლას თუნდაც,
მომკლას ისე, როგორც სურს და როგორც უნდა,
შხამით, გესლით, სიტყვით, ზავთით,
მუხანათად და პირმურტლად,
სჯობს რომ მომკლას თოფით, ტყვიით,
მოლოდინით მომკლას თუნდაც.
მე კი ვიტყვი, შემიწირა
მორიელის ნაკბენმა-თქო
ექიმმა თქვა: მორიელმა დაგშხამაო გუშინ,
მორიელი მაშ ყოფილა ჩემი სატრფო.
უცებ ქარი გამიტაცებს,
ვეღარ მნახავს მერე სატრფო.

***
თუ ჩემს ლექსებს ეღირსება სიცოცხლე
მაშინ მეც, მაშინ მეც ვიცოცხლებ,
გადავიტან ჩაგვრას და მარტოობას,
გადავიტან, გადავიტან, ოღონდაც...
გამახარე, გამახარე ახალო,
თოვლო სრულო, უმანკოო, ციცქნაო,
მიწასა და ცასა შუა მავალო,
მითხარ ჩემი გზა რა იქნაო!
დაღალული მოვიბრუნებ პირს შენსკენ,
ჩემი ლექსი, ჩემი გაიზიარე,
პოეტი ვარ, ქარი მქვია, მეჩვენე,
პოეტი ვარ, მიწა გამოვიარე,
გვიანია, აწი უკვე დრო არის
ჩემო ლექსო, ჩემი სულის თოვლი ხარ,
უმანკოა შენი ზეცა ცხოვარი,
ვეღარ გხედავ, მაგრამ მაინც მოდიხარ.


***
ვით ნატვრა ხოსე მარტის
დილა ორბის ფრთებს გაშლის,
თავისუფლება გმინავს,
თავისუფლებო გასწით!
ილაჯგაცლილი ველი,
ველს ის აღარ ჰგავს განცდილს,
მახარობელნო ნათლის,
თავისუფლებო გასწით!
მიწის საკრალურ ხმათა,
მიწის საკრალურ კვანძის,
გადარეულნო ნატვრით,
თავისუფლებო გასწით!
შუქი მრავალთა ქარვის
გარდასახული თვალწინ,
აღარ ვახსოვართ არვის,
თავისუფლებო გასწით!
მონობა სიტყვის არა,
თავისუფლება აწი,
საქმე ვიხილოთ ისევ,
თავისუფლებო გასწით!
ამ ბრძოლის ხმაზე ჯიქურ
ნატვრა გვაქვს ხოსე მარტის,
გაიგებს, უგდებს ვინც ყურს,
თავისუფლებო გასწით!

სიბერის ელვა
იჯდა დიდხანს ცხრაკლიტულში მეფის ქალი,
მობეზრდა და გარეთ გასვლა ისურვა,
გაიპარა, უცებ მოხვდა ვაჟის თვალი
და ერთბაშად სიყვარულმაც იქუხა,
მერე ერთად ინარნარეს მწვანე ველზე,
მეფის გული, მზვაობარი არ დაცხრა,
ქალიშვილი არ გაუშვა თავის ბედზე,
სამუდამოდ ცხრაკლიტულში ჩარაზა,
მერე გაქრა გაზაფხულის სიკაშკაშე
და სიბერემ ქალიშვილი დაჯაბნა,
უყვებოდა თავის ამბავს ქვეყნის ბავშვებს,
კვლავ სჯეროდა, რომ გულისწორს ნახავდა.
და ერთ დილას მზე რომ ზეცას ელაციცა,
დიდ სასახლეს წვეროსანი მოადგა,
გაიხსენა, სიყვარული ვის შეჰფიცა
და იმწუთში ყველაფერი მოგვარდა.

ტრიო თუ სერენადა
სულში ჩაიხლართა მუზა ჯადოქარი,
ჩქარა მოგონება მოძებნეთ, სად არი?!
გრძნობის პათოლოგი ქარში დაიკარგა
და ფიქრმა დაღალა მოხუცი ჭადარი.
გული უკარება ხორცში იმალება,
ფეთქვა დაიწყეს მის ნაცვლად მუზებმა,
მგონი გამექცევა აზრი, საწინდარი
და წირვის დღეებში კარს აეტუზება,
რათა დაინახოს სატრფო დაჩოქილი
ეკლესიაში ღმერთს რომ ევედრება,
მე, ვით მთვარეულსა რამეში სასმენლადა
ნეტა რაღა მესმის, ტრიო თუ სერენადა?
თვალწინ დამელია შუქი მოლივლივე,
სარკმლიდან პეიზაჟი თავისით დაიხატა,
ბურჯი გაუმაგრეს სადღაც მხცოვან ტაძარს,
როცა შემოდგომას სახე გაებადრა,
და მაშინ გაისმა ხმა ზე ზეციური,
მგონი, აქ ოცნება ცხადად დაიბადა,
ნეტა იმ ფანჯრიდან რაღა გადმოასხეს
ჩუმი მელოდია, ტრიო თუ სერენადა?

ბურუსების ბუმი
მთაზე გაწვა მზერა მზისა მწნიხე,
დღე გათენდა საფლავივით ჩუმი,
მე დავკარგე დაღალული სახე,
და შევქმენი ბურუსების ბუმი.
მომეც ხელო დაბჟერილი ძალა!
რომ მუხლებზე წამოვბორგდე მაინც,
მოხუცებულს დავემგვანე სრულად,
მოხუცებულს დაემგვანა ტანიც.
გულს ვაჯერებ შენს ნახვაში მთაო,
კიდევ ერთხელ შემოგხედავ ბოლოს,
რა მშვენივრად ჩაესვენა დილა,
მზე რა გრძნობით ჩაეხუტა ჟოლოს!
მე კი შევქმენ დაღალული სახე
და დავკარგე ბურუსების ბუმი,
მთაზე გაწვა მზერა მზისა მწნიხე,
დღე გათენდა საფლავივით ჩუმი.

***
უკიდეგანო სივრცეში
უკიდეგანოდ თოვს,
დატყვევებული ბეღურა,
ცაში აშვებას მთხოვს,
მშვენიერდება ცა-კუპრი,
თოვლის ჰანგებში სთვლემს,
აბოტებული ზამთრის თვე
მიათრევს მზისა გემს.
უკიდეგანო სივრცეში
უკიდეგანოდ თოვს,
დატყვევებული ბეღურა
ცაში აშვებას მთხოვს.

მონოლოგი წიგნისა ,,მოგონებების კვანძი"
ფანჯრიდან გადახტა მისტერ ბორტონი,
ეს იყო კუპეში, ეს იყო ლონდონი,
იგონებს მისტერის ცოლი ჟუანა,
მეუღლის სიკვდილი მას უგრძნო გუმანმა,
წავიდა ქალი და გაჰყვა მინორი,
ძაღლი პუდელი მიჰყავდა მინდორში,
ფიქრობდა, ფიქრობდა, ო ქმარზე სულ არა,
ძაღლზე და ჩაცმაზე დარდობდა ჟუანა,
როგორ გავკრიჭოვო ჩემი ალფრედო,
თხელი თმა აქვსო და გაკრეჭა ავნებსო,
მერე მოძებნა საშველი ყველაფრის,
ქმარი დაკრძალა, წესი აუგო,
იყიდა ახალი ქურქი მაუდის,
მეუღლის ადგილი ახლა ძაღლს დაუთმო.
მიდიან ქუჩაში ქალი და პუდელი,
ფეხებზე კიდიათ მისტერ ბორტონი,
ქალმა დაიწყო ახალი ცხოვრება,
აღარსად ბორტონი, აღარსად ლონდონი.

ღაზალი
დრომ ყველაფერი შთანთქა,
სატრფოს თვალებიც გაქრა,
ძმაკაციც ყველა მიდის,
ყველა თავის გზას გაჰყვა,
გავდივარ ნელა შამბნარს,
სატრფოს ნასახლარს ვტირი,
ნარ-ეკალს კედელს ვაძრობ
და ისევ იმ დროს ვნატრობ.
აქ სულ სხვა ხალხი ჟივის,
ჩემს ყმობას ვერსად ვაგნებ,
გულში ნაღველი წივის,
და სულს ვერაფრით ვავსებ.
ხეს ვგავარ ტოტებგასხლულს,
ასე მარტო ვარ ველად,
ტყუილა ვდარდობ წარსულს,
ვერ დავიბრუნებ ვერა...

სიმღერა მაისის დამლევს
როცა ვიყავი ლაღად
მჯეროდა ერთი რამის,
როცა ვხარობდი დღისით
არ მეშინოდა ღამის,
ვარდის ქირქიტა გულის
სურნელი ყველგან მსდევდა,
თითქოს წაეღო მაისს
ლურჯი ფერების სევდა,
თავქუდმოზრდილი ფიქრი
მძალავდა ველის აჩრდილს,
ასეთი მწნიხე დილა
მომაგონებდა აპრილს,
ვარდი გეჭირა ხელში
შენ მას ეძახდი ბელას,
დროს მიჰყვებოდი ჩუმად,
ღამეს მისდევდი ნელა,
ბოლოს დაღლილი გნახე,
გადარეული დღეთა,
მერე რომ გაქრი უცებ,
ვის გაექეცი ნეტა?!

გაზაფხული ჩემი მეგობარია
მიხარია გაზაფხულის მზიანი დღის დანახვა,
გულმა სითბო დაიჭირა, ჩემი ყრმობა განახლდა,
თვალი უმზერს მწვანე ველებს, ხეებს ახალშეფოთლილს,
ბულბულისთვის ნაცნობია სიყავრული მე რომ მჭირს,
წლები მალე მემატება, გული ისევ ჩვილია,
მეძალება აღმაფრენა და სიცოცხლე ტკბილია,
აღარ მახსოვს ძველი სევდა, როცა ნაზი დარია,
ეს ლამაზი გაზაფხული ჩემი მეგობარია.


                ტირე
(დაბადება-გარდაცვალება)

გაჩნდა – გაჩნდებოდა, ასეა დასაბამიდან,
ლაღობს – ელაღება, ცხოვრებას იწყებს სტარტიდან,
ტკივა – ეტკივება, რადგან სიცოცხლეს აგრძელებს,
უყვარს – ეყვარება, იგი ხომ წყლულებს ამთელებს,
ტირის – ეტირება, გრძნობების ზღვაში ქარია,
შეხვდა – შეხვდებოდა, გულების ცემა ჩქარია,
შექმნა ოჯახი და აგერ ბავშვებიც დარბიან,
მოკვდა – მოკვდებოდა, რადგან ცხოვრება წამია.
 

***
სუ ვენგარა, თე სოფელი
ქარქენჯეფიშ ოფენია,
,,მეუ, მეუ მონასტერშა
მონასტერშა ოფელია."
გურ ვესოფა, წყარს ქუუნე,
ქარი მუს აჭოფენია,
მეუ, მეუ მონასტერშა
მონასტერშა ოფელია"
სქანი ბედი ცას მიანდი
დათმ თე ცოდაშ სოფელია,
,,მეუ, მეუ მონასტერშა
მონასტერშა ოფელია."


ბორია

ჯა, ქუა დო ბორია
გეწი-გეწი ბგორია,
ჯა დო ქუას გითივლიდა
მუს ბღოლანსუ ბორია,
დუს მუნმორე ჩხორია
ყუჩა მაფუ შორია,
ცასუ უფი მოსოფუნსუ
დიხას მურს პოპორია,
სო რე ჩქიმი საოსურო
მუნაფათი გინორთენო,
პეულეფი გოფაჩელე
ჭითა პირსუ მიკოხენო.
ჯა ქუა დო ბორია
ბრელი იფიორია,
ანწი ყუდეს ქუდოზოჯი,
სქანი საქმე გორია
ჯა, ქუა დო ბორია.


         აი დარალე
ვის ვუღიმი, ვის ვუხარი,
ვის ვუხარებ გულს,
ნუთუ ასე მალე დაშრა
ის ტბა და ის რუც,
აი დარი, აი დარა
დარი დარა ლე,
შენ გიღიმი, შენ შეგხარი
შენ გენაცვალე.
რატომ დავრჩი მე უშენოდ
რატომ მაწამე,
ასე ვკვნესით, ასე ვგალობთ
მე და ეს ღამე.


მომენატრა

 ჩაქრა სულში კელაპტარი
და კერია გაცივდა,
მიდის სადღაც ფიქრთა ჯარი,
მოიღრუბლა, გაწვიმდა,
მომენატრა ასჯერ-ასი,
ჩემი გრძნობის მფლობელი,
ჰოუ, მისთვის რამდენი მაქვს
კიდევ მოსათხრობელი,
მის დალალებს დრომ ვერ უქნა
ალბათ ვეღარაფერი,
ისევ დარჩა ნუკრისთვალა,
ჩამოქნილი სანთელი,
მომენატრა ტკბილი ხმები
ხმები, როგორც ვარდები,
გულში ჩასაკონებელი
სოფლის ფოლიანტები,
მომენატრა ის ღიმილი
ეშხის მარილიანი,
სულ არ ვფიქრობ მე იმაზე
ადრეა თუ გვიანი,
მომენატრა, მინდა ვნახო,
მაგრამ მისვლის მრცხვენია,
თუმც შემოქმედს ნატვრის წამლად
ლექსი გაუჩენია,
ლექსით ვეტყვი გულით სათქმელს
საუკუნეს გადავცემ
და ჩემს სულს კი სევდით ჩაკლულს
ფენიქსივით აღვადგენ.
მომენატრა ჩემი კერა
და ახლობლის ძახილი,
დრომ დამღალა დროს ვემდური,
თუმც არა მაქვს სამხილი,
სად მიდიან ძველი მგზავრნი,
ახლა ვინ მყავს მეგზური,
გეფიცები, გადავცურო
შენთვის მტკვარი, ენგური,
მომენატრა შენთან მოსვლა,
მღერა დიდოუ ნანასი,
გენაცვალე, ქვეყანაზე
ვინ მყავს შენზე ლამაზი!
ვერ გავუძლებ ამ სიშორეს,
არც სხვას ვეალერსები,
მეც რომ წავალ, საუკუნოდ
დარჩეს ჩემი ლექსები.
ჩაწყდა სულში ერთი ძაფი
ტრფობის მძივი გაცვივდა,
სადღაც მიდის ფიქრთა ჯარი
მოიღრუბლა, გაწვიმდა.

საუკუნეს

საუკუნეს გადასძახებს
ჩემი ლექსის მელოდია
და იტყვიან ღვარძლიანნი:
ესეც მისთვის რეკორდია.
შეიყვარებს ჩემს სიმღერას
მთა-ბარი  და ქვა-ლოდია
და იტყვიან პირფერები
ეს მეფეა, თუ ლორდია.
მე არცერთის აღარ მჯერა,
ყველას განსჯის საუკუნე,
მზე ამოვა მადლიანი
და გაფანტავს ამ უკუნეთს.


             პეპელას
ნუ მოუსწრაფავთ სიცოცხლეს
პეპელას ლამაზფრთებიანს,
სულ ერთ დღეს ცოცხლობს საბრალო
მაშინაც უსაფრდებიან.
რად არის ასე ლამაზი,
თუ ასე ცოტა დღენი აქვს,
ერთ დღეშიც ისე გვამშვენებს,
ას წელს რომ სხვები შვრებიან.
გულის უბეში ჩავისვამ
პეპელას კოპლებ-ყუნწიანს
შეხედეთ როგორ შეჰხარის,
სიცოცხლეს მისთვის ძუნწიანს.

მისი თვალები

ვარდივით ნაზი,
მზესავით მწველი,
მისი თვალები
ცასავით გრძელი,
ტყესავით ვრცელი
მისი თმები და
მისი წარბები,
თოვლივით თეთრი
ცისკრისას ეშხი,
მისი კბილები
ბროლის ცვილები,
ძოწივით მზმელი
ელვარე, მსმელი
მისი ბაგენი,
მობადაგენი,
ყელი შველივით
მოღერებული,
თითქოს მეჭურჭლის
გაკეთებული.
ლამაზი ტანი
ნარნარი, თხელი,
როგორც თხილისგან
გათლილი წნელი,
ღაწვები მისი
ბზის ყვავილები
და ნაწნავები
ვერცხლის მილები,
ხელები თეთრი
სანთლის ფერები,
თითები, როგორც
ვაზის მტევნები,
გაშლილი ვარდი
მისი გულ-მკერდი,
კლდესავით თლილი
მის მუცელ-ფერდი,
ფეხები გრძელი,
ვით მარმარილოს
ნაზი სვეტები,
თავის ტერფებით.
სულის გვირგვინი
მისი სარკმელი,
მზესავით მწველი
მისი თვალები,
მას ვემალები,
მას ვეკრძალები
და ვუცდი, როდის
შევებრალები.


დროის ქარტეხილები

როგორაც ჩქარი მდინარის წყალი
რეცხავს და ფანტავს კალაპოტს თავისს,
ისე დრო თავის დღითა და ღამით,
ცვლის ყველა ფოთოლს და ყველა ყვავილს,
მოაქვს სიახლე ფასკუნჯის ფრთებით
და მწარე ხვედრიც ავაზას ფეხით,
როცა გვგონია განვცხრებით შვებით,
სანთლებად ვიწვით და ნელა ვდნებით.
დრო ანგრევს ტურფა მიჯნურის კერას,
ტოვებს ნატამალს და მათზე ცქერას,
დრო აჭკნობს ლამაზ ვარდების იერს,
სუსტს აღაზევებს და დასცემს ძლიერს,
დროს მიყავს ყმობის ლამაზი წამი,
ნუკრის თვალები, უმანკო ღიმი,
დრო რეცხავს გულში უნაზეს გრძნობებს,
და ცბიერებას მასში აბუდებს,
დრო უცვლის ფერებს ცხოვრებას ხალასს,
ამძიმებს წუთებს და გადებს ღალას,
მჩაგვრელ რუტინას მოგახვევს თავზე,
მას შეგაყვარებს, რაც გძულდა ადრე,
დროს ვერ მოთოკავ, ვერ აქცევ უკან,
მასზე ნუ ფიქრობ, რაც იყო წეღან,
რამდენი კაცი წავიდა შენგან
და სხვა ხმებია შენს ირგვლივ ყველგან.
დროს ვინ დაუდებს წინ რამე მიჯნას,
ნუ დაისახავ მის შეცვლას მიზნად,
დრო, დამიჯერე, შენც გიმსახურებს,
ლუკმა პურისთვის გაგაპამპულებს,
დრო მეძავია და მრუში ქალი,
დღეს შენთან რჩება, ხვალ სხვასთან არი,
მას ვინ გაუგებს: რა სურს და რა ძულს,
ნუ მიენდობი, ნუ უძღვნი მას სულს,
დრო რეცხავს ყველა გაკვალულ ბილიკს,
დრო აქცევს წესად მოყვასის ქილიკს,
დრო ანგრევს ხიდებს მეგობრებს შორის
და თესავს ნაყოფს ეჭვის და შურის.
იგი ხომ მუდამ გვაშორიშორებს,
ძმაო, საქმეა თვალს ვერ გისწორებ?
დროო მსახვრალო, შენი ბრალია
რაც ჩემს გულს საქმე ცრუ დამართნია,
აწ სად ვიპოვნი მიჯნურის სახლ-კარს,
ვინღა მომაწვდის ამ ბნელში ლამპარს,
ვაი, ჯეელო საით მიდიხარ,
დრომ შენც შეგცვალა, ახლა სხვისი ხარ.
(თუმცა მაინც სულში მიზიხარ)


                             ***
ქარი თითქოს გულის კარებს მიღებს
და დაკეტილ კუთხეებში მწვდება,
მე ცხოვრებას ნაბიჯებზე მივსდევ,
ბედი დროით მორბენალი ხდება,
მზე მცხუნვარე და ჩრდილები ცოტა,
და ჩამქრალი ლამპიონთა ფერი,
სიყვარული გამხელილი ცოდვა
და გულების ანთებული ჯერი.

                  *
წვიმის წვეთები მოეწყინა ჩემს ფანჯრის მინას,
ცრემლმა დაფარა ჩემი გული და მარტოობამ,
ძველი ჟამების მოგონებას კუნჭულში ძინავს,
მხოლოდ გამები დაარღვევენ ამ უცხოობას,
მხოლოდ მუზები შეიტყობენ პოეტის ზრახვებს,
სერაფიმები ჩამოჰკრავენ ზეციურ ჩანგებს,
მტრედი ღუღუნით სახურავზე დაეძებს ბინას,
წვიმის წვეთები მოეწყინა ამ ფანჯრის მინას..


                                ***
ყვავილობა უხარიათ ვარდებს
გაზაფხული სიყვარულში იწვევს,
მზე კი ნაზად მას უგზავნის სხივებს,
მზე ახარებს და მზე აჭკნობს ისევ.

                              ლოცვა
ერთი სურვილი იდუმალ მსურსა,
კვლავ სიყვარული შეერთოს სულსა,
ამასა შევთხოვ მორჩილად თქმულსა,
მამასა, ძესა და წმინდასა სულსა.

ბ~ნ კრიტიკოსს პასუხად
თქვენ მითხარით ბატონო რომ რითმა შეცვალეო,
ყალყზე მდგარი შენი გრძნობა ნაკლებ გაშალეო,
ახლა ერთი მე გკითხავდით: რითმა რას მიქვია,
ამ ჩემს ურჩ და ობოლ ლექსებს ქვეყნის ტრფობა ქვია,
ლექსს თუ შევცვლი, ჩემს სიყვარულს აზრი შეეცვლება,
ჩემი სატრფო იმ ლექსების მზერას გაეცლება,
მეც დავკარგავ იმედსა და პატივს მომავლისას
და რითმების მოყურადე მადლს მოვწყდები ცისას,
მოლოდინი საუკუნო სიზმრად გადიქცევა,
გაზაფხულის პატარძალი სუსხში გაიქცევა,
ჩემთან უკვე არ იქნება ქაოსი და ქარი
და მაშინ კი მე ვიქნები პოეტებში მკვდარი.


ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სადიდებელი ლექსი

შენ ბეთლემს გაჩნდი მარიამის
ქალწულის მუცლით,
და იერუსალიმს, მამის ტაძრად
თორმეტ წლის შეხველ,
შენ ნათელ იღე იოანეს
წმინდა ხელიდან
და ნავზე მჯდომმა ბობოქარი
ზღვის დაცხვრა შეძელ,
იწოდებოდი ნაზარეველ ჭაბუკ მოძღვარად
და აირჩიე ღირსეული  თერთმეტი ძმაი,
ისინი გახდნენ მოციქულნი საუკუნოდა
და შენი მცნება ხალხს მოჰფინეს
სიმართლის ხმაი.
ბრმებს თვალს უხელდი, მკვდარს აცოცხლებდი,
ეშმაკს დევნიდი და მათ ხაფანგს უვნებელყოფდი,
დამცირებული შენთან იყო განდიდებული,
ბევრს ლოცულობდი ცოდვილ მოდგმას რომ შენდობოდა,
ვინც არ ირწმუნა, იგავებით აგებინებდი:
ავაზაკთა და მებაჟეთა შორის პურს ჭამდი,
ეს იმისათვის, რომ ექიმი მათ სჭირდებოდა,
და ფარისევლის ხაფანგისგან სნეულს იცავდი.
არ გეშინოდა სიკვდილის და ის დაამარცხე
ოცდაცამეტი წლის იყავი როცა ჯვარს გაცვეს,
ავაზაკთაგან შეგიბრალა მხოლოდ მარჯვენამ,
შენი კვართი კი მებრძოლებმა ქვემოთ გაიყვეს.
შენ ქადაგებდი წინასწარ შენს აღსასრულის ჟამს,
იუდამ გაგცა და ამითი სული წარწყმიდა.
ცოდვილ ასულთა შენ იყავი დიდი მფარველი
და შენთან იყო მამა ღმერთი და სული წმინდა,
მთაზე ახვედი, მუნ იხილე ელია, მოსე,
გაესაუბრე მათ და აჰა ხმა ისმა ზეცით:
,,ესე არს ძე ჩემ, რომელიცა მე მოვიწონე
და მოუსმინეთ მას "- ესე იყო ყოველი ცხადი,
და სამოსელი გასპეტაკდა ყოველი შენი
და განიმზადე სულიერად მძიმე გზისათვის.
ქალაქს შეხვედი დიდებით და ოსანას ქებით,
კაცთა ცოდვისთვის ხორცი დათმე წამებისათვის,
შენ პური ჭამე მოწაფეთა შორის ბოლოჯერ
და თასი ღვინით აზიარე, როგორც შენს სისხლთან,
ფეხი დაჰბანე ყველა მათგანს საგულდაგულოდ,
,,ერთი გამცემსო, ვინც ჩემს ჯამში ჩასწებსო პურსა,"
და ლოცულობდი გეთსემანის ბაღში მისული
დრო მაშინ დადგა, როცა გაგცა იუდამ კოცნით,
პეტრე მოციქულს შეეშინდა შენთან ძმათყოფნის
და მამალმა რომ დაიყივლა, მაშინ ატირდა.
შენ გოლგოთისკენ გზათმავალმა ჯვარი თან ზიდე,
და ჯვარზე ასულს გამხნევენდა თან მამა ღმერთი,
მრავალ დაცინვას, მოძულებას  შენ გაუძელი
და კაცთა მოდგმას აარიდე გეენის ცეცხლი.
როდესაც სული უძლეველი უფალს ეახლა
სხეული შენი ჩამოხსნეს და დადეს სამარხში,
ცად აღიტაცე შენ სხეულიც მესამე დღესა,
ყველა გაოგნდა კაცთაგანი, ვისაც ეს ესმა,
,,უფალი აღსდგა, გიხაროდენ!"
იყო ხმა ყველგან,
გამოეცხადე შენს მოციქულთ კვლავ უვნებელი,
და მიუძღოდი გალილეას იმათ დიდებით,
შენ მართლაც იყავ დანგრეულის კვლავ აღმგებელი.
შენ ბეთლემს გაჩნდი მარიამის ქალწულის მუცლით
და შენი მოსვლით გაანათლე მთელი სამყარო,
დიდება შენდა უძლეველო ჩვენო უფალო,
მარჯვენით მჯდომო, გამარჯვებულ სიცოცხლის წყარო!














Комментариев нет:

Отправить комментарий