უჩვეულო ბაღში
ავტორი: ბაჰა’ ტაჰირი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
ბაღის წინ დავიარებოდი ზუსტად მაშინ, როცა მზემ გამოანათა
დიდი შავი ღრუბლებიდან. შევედი და დავჯექი გრძელ სკამზე მზისაგან ზურგშექცევით. გულში
ვფიქრობდი, ალბათ მზე არ დარჩება ამ ადგილას რამდენიმე წუთზე მეტხანს. მკლავი ჩამოვდე
ხის სკამის საზურგეზე და დავიწყე ცისკენ ყურება; ვაკვირდებოდი ერთ დიდ ღრუბელს, ის
სკდებოდა პატარა რუხ ქულებად, რომელშიც მნათობის გამჭვირვალე სხივი გადიოდა. ჩავეშვი
ამ ფიქრებში და მიხაროდა, რომ მზე ჯერ კიდევ ჩანდა და არ მიმიქცევია ყურადღება ბაღისათვის.
პირველი რამაც მიიპყრო ჩემი მზერა იყო მძაფრი სუნი და როდესაც წინ გავიხედე, დავინახე
ოთხი ძაღლი ქვის ოთხკუთხა ობელისკთან, მწვანე მცენარეების გარემოცვაში. ერთ-ერთ მათგანს
პირში ძვალი ჰქონდა, ხან აგდებდა და ხან კბილებით იჭერდა და ღრღნიდა, თუმცა, როცა სხვა
ადგილს ვეძებდი დასაჯდომად, ისევ ძაღლების სუნი მომედინა. როცა ამის ფიქრში ვიყავი,
უცებ დავინახე იქვე წარწერა, სადაც ეწერა: „ეს ბაღი განკუთვნილია თქვენი ძაღლებისთვის,
გაუფრთხილდით მას, ამ ბაღს იცავს ქალაქის მოსახლეობა.“
იქ იყო აგრეთვე სხვა წარწერებიც; სადაც ისარი უთითებდა
ძაღლების მოსასვენებელი ადგილისაკენ, ხოლო სხვა ისარი ძაღლების სათამაშო მოედნისკენ.
უცებ ფეხი წამოვკარი რაღაცას, ქვემოთ რომ დავიხედე, დავინახე კიდევ ერთი დიდი ძვალი,
ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ძაღლს ჰქონდა უწინ პირში, ფეხით შევეხე მას და მივხვდი, რომ
პლასტმასის იყო.
უცებ ბრაზმა მომიარა და მეწვია ის ფიქრები, რომელიც
მეწვევა ხოლმე ყოველთვის როცა დავინახავ ასეთ დონდლო, ჩამოშვებულ ძაღლებს. ეს ხალხი
კვებავს თავიანთ ძაღლებს იმდენი საკვებით, რაც ეყოფა ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს
გასაძღომად... ამ ევროპელებმა ათწლეულების მანძილზე გაანიავეს მთელი ჩვენი ქონება,
ჩვენ ხო გაგვაღარიბეს და მათი ქვეყანა კი ააშენეს და ჩვენგან მოპარული დოვლათით კვებავენ
ახლა თავიანთ ძაღლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ვისურვე, ფეხით შემომევლო მთელი
ეს ბაღი და თითო-თითოდ დამეხრჩო ეს ძაღლები, რათა დამესვენა, მაგრამ ვიცოდი რომ თუ
ერთს მაინც ხელს დავაკარებდი, მომკლავდა მისი პატრონი.
გასასვლელის მიმართულებით ჩქარა გავემართე, მაგრამ სანამ
მივიდოდი, მოცახცახე ხმით დამიძახა ერთმა მოხუცმა ქალბატონმა: „მუსიე... მუსიე“...
იგი დაყრდნობილი იყო ყავარჯენზე, მეორე ხელს კი ჩემსკენ იქნევდა და მასთან მიხმობდა,
შევჩერდი, ეტყობოდა რომ სიარული აღარ შეეძლო, ამიტომ მე გავემართე მისკენ.
როცა მივედი ქოშინით მითხრა:
„თქვენი ძაღლი ხომ არ არის ლულუ, პატარა, ყავისფერი?“
„არა.“
ირგვლივ მიმოიხედა უკმაყოფილოდ და თქვა:
„არ ვიცი სად არის მისი პატრონი, აუცილებელია, მან წაიყვანოს
ის აქედან. ეტყობა ავად არის, ან დათვლისას გამორჩა დანარჩენ ძაღლებში.“
„როგორ მიხვდით?“
გაეღიმა, სახეზე ბევრი ნაოჭი მოუხშირდა და თქვა:
„მუსიე, თუ ჩავხედავ ძაღლს თვალებში, შემიძლია გითხრა
ავად თუ არის, შემიძლია განვსაზღვრო აგრეთვე მისი ავადმყოფობა.“
„და თუ შეხედავთ ადამიანს თვალებში მაშინაც მიხვდებით?“
„ადამიანებზე უფრო რთულია ამოცნობა.“
ვიდექით გრძელი ხის სკამის კიდესთან, მოხუცს ერთი ხელი
წელზე ჰქონდა მოკიდებული, სახეში შემომყურებდა და იღიმოდა, როდესაც მეც გავუღიმე, მან
მკითხა: „მაგრამ თქვენი ძაღლი სად არის?“
მშრალად ვუპასუხე:
„მე ძაღლი არა მყავს.“
მან თვალები მოჭუტა, შემდეგ კი გაკვირვებით შემომხედა
და მითხრა:
„მესმის, ვგონებ, რომ თქვენ ...“ სიტყვა გაწყვიტა და
დასჭირდა დიდი ძალისხმევა რათა დამჯდარიყო ხის გრძელ სკამზე. ცალ ხელს ჯერ კიდევ იშველიებდა
ადგილზე გასასწორებლად და მეორე ხელით ჯოხს ჩაბღაუჭებოდა. როდესაც ადგილზე ნელა დაეშვა
მთელი სხეულით აკანკალდა, დიდხანს ეხებოდა ხელით სკამის ზურგს, ხვნეშოდა და ქოშინებდა,
მერე ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი მის გვერდით; ვიფიქრე, რომ მალე გამეთავებინა მასთან
საუბარი და გამეგრძელებინა ჩემი გზა, მაგრამ შემრცხვა მისი გაწბილების და დავჯექი.
იგი იყო სუსტი, უძლური მოხუცი, ტანისამოსზე ეტყობოდა
რომ ღარიბი იყო, ეცვა შავი, ხელოვნური ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმელი, ზემოდან კი
ნაცრისფერი მატყლის ჟაკეტი ჰქონდა მოსხმული.
ეტყობოდა რომ პარკინსონის დაავადება (ნერვიული) სენი
ჰქონდა, დამამშვიდებელ წამალს იღებდა იის არომატით, ხელებზე კანი ყავისფერი პიგმენტური
ზოლებით (ლაქებით) ჰქონდა დაფარული, როგორიც ასაკოვან ხალხს აქვს ხოლმე.
დავჯექი გრძელი სკამის კიდეზე, რათა მოხუცი მიხვედრილიყო,
რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ საუბარი გააგრძელა იქ, სადაც ადრე შეწყვიტა, თქვა:
„ვგონებ, რომ მესმის თქვენი, თქვენ გიყვართ ძაღლები,
ამიტომაც მოხვედით აქ?“
ვგრძნობდი, ნათქვამის დადასტურებას ითხოვდა და მეც მივუგე:
დიახ.
„და რატომ არ შეიძენთ ძაღლს?“
„მყავდა მე ძაღლი და მომიკვდა.“
მოხუცმა ადგილიდან წამოიწია, ჩემსკენ ქნა პირი და თქვა:
როგორ? როცა შევნიშნე, რომ ქალს პანიკა დაემართა, ვიფიქრე მეთქვა მისთვის, რომ ვიტყუებოდი,
მაგრამ შემეშინდა ჩემი მხრიდან ამის აღიარება, რადგან ესეც შოკი არ გამხდარიყო მისთვის
და უფრო არ მევნო მისი ჯანმრთელობისათვის. ასე რომ თავი შევიკავე, მის სახეზე მწუხარება
ამოვიკითხე და ასე მივუგე:
„ვგონებ, რომ ის ნერვიული კრუნჩხვით გარდაიცვალა.“
მოხუცს თვალები გაუფართოვდა და მან მეორეჯერაც მკითხა:
როგორ?
„ეს იყო უბედური შემთხვევა (ავარია).“
მოხუცი ნელ-ნელა უკან გადაიხარა, თავი გააქნია და თქვა:
„თუ ამის შესახებ ლაპარაკი თქვენ სევდას განიჭებთ, დაე, ნუ ილაპარაკებთ.“
თავი გავაქნიე და გავჩუმდი. იქ ძაღლების არეულობა და
იმ ქალბატონის სულიერი მდგომარეობა გონებიდან ახლაც არ ამომდის, ამასწინათ ერთმა ეგვიპტელმა
მეგობარმა მიამბო, რომ ერთ-ერთი პანსიონატის მეპატრონემ მას თხოვა რომ დაეტოვებინა
ეს პანსიონატი, რადგან მისი იქ ყოფნა ძაღლების გაღიზიანებას იწვევდა, რაც მოქმედებდა
ძაღლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ჩემმა მეგობარმა ეს გაფრთხილება ხუმრობად ჩათვალა,
მაშინ პანსიონატის მეპატრონე იძულებული გახდა პირდაპირ ეთქვა, რომ ამ დღიდან დაწყებული
მას არ სურდა მისი აქ გაჩერება, ამიტომაც მეგობარს უნდა მოეძებნა სხვა ადგილი დაღამებამდე.
მოხუცმა ამასობაში ყურადღება მოიკრიბა და თქვა:
„უკაცრავად, ნება მომეცით დავუბრუნდე ისევ წინა თემას,
მაგრამ ვგონებ, რომ ვერ გავიგონე კარგად, ნუთუ თქვით ნერვიული კრუნჩხვით გარდაცვალება
თუ ავარიით?“
„თქვენ გაიგონეთ კარგად, ჩემო ქალბატონო, მე სინამდვილეში
ვთქვი ორივე, პირველად ძაღლს შეემთხვა ავტოავარია, ეს იყო მსუბუქი ტრავმა, მივიყვანე
ექიმთან, ვგულისხმობ ვეტერინარს, იგი განკურნა ექიმმა და მითხრა, რომ ეს იყო მსუბუქი
ავარია, თუმცა ეს ძაღლი ცოტა ხანში მოკვდა. ვგონებ, რომ მას დაემართა ნერვიული კრუნჩხვა.“
ქალბატონმა თავი ისევ გააქნია და თქვა:
„ვწუხვარ, როგორ ვწუხვარ, ოჰ ეს თავგასული მძღოლები,
რას უნდა ელოდოთ კარგს, აივსო ქალაქი ამ უცხოელებით და მათი მანქანებით.“
„არ ველოდები ბევრს, მაგრამ მეც აგრეთვე უცხოელი ვარ.“
ქალბატონმა ხელი გულზე დაიდო და თქვა:
„ბოდიშით, გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ გააჩნია, უცხოელებიც
არიან და უცხოელებიც, თქვენ რაც შეგეხებათ, რა თქმა უნდა არ შედიხართ იმათ რიცხვში.“
ადგომა და წასვლა განვიზრახე, მზეს უკვე მთელი ბაღი
დაეფარა, თან ძაღლების სუნმაც შემაწუხა, როცა ადგომის თადარიგი დავიჭირე, ქალბატონმა
ისევ მითხრა:
„რომელი ქვეყნიდან ხართ თქვენ, მუსიე?“
„ეგვიპტიდან.“
ერთი ხელი მკლავზე მომიჭირა, მეორე ისევ გულზე ედო და
ისე მითხრა:
„ოჰ, ეგვიპტე!.. ეგვიპტე რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ეგვიპტელი
ხართ, მე კი ჩამოსულებში იმ სხვა უცხოელებს ვგულისხმობდი.“
მე კი ვცდილობდი ჩემი ხელის განთავისუფლებას მისგან
ზრდილობიანად:
„ნუ მიიტანთ გულთან, ქალბატონო. ვიცი რომ მე არ მგულისხმობდით
საერთოდ, მაგრამ ახლა, სინამდვილეში მინდა რომ წავიდე...“
მაგრამ ეტყობოდა, არ ესმოდა არაფერი, რასაც ვეუბნებოდი
და ისევ აგრძელებდა ლაპარაკს:
„ეგვიპტე, მშვენიერი ეგვიპტე, იცით, რომ მე ნამყოფი
ვარ ეგვიპტეში.“
ისევ დავჯექი მის გვერდით და ვკითხე: „მართლა?“
„დიახ, დიახ... ოცი წლის წინ, შეიძლება უფრო მეტის,
ეს იყო ჩემი მეუღლის სიცოცხლეში, ერთად წავედით.. რა ლამაზი იყო ეგვიპტე, რა ლამაზი
იყო...“
„და რა ნახეთ იქ?“
„ავიყვანეთ ფელუკა კაიროდან ნილოსის გავლით, სამხრეთის
მიმართულებით, ვერ ვივიწყებ მომხიბვლელობას იმ ხედებისა, მთვარეს ნილოსი ირეკლავდა
ღამით, ისეთი დიდი იყო მაშინ მთვარე, რომ ბოლო არ უჩანდა. ჩვენს გვერდით ყველგან სიბნელე
იყო, ხოლო ჩვენი ნავი პირდაპირ მთვარის შუქზე მიცურავდა, არ ვიცი როგორ აღვწერო ეს
ყველაფერი. შემდეგ გამოჩნდა ის მშვენიერი ტაძარი სამხრეთით, „ფუსნატონის“ ტაძარი.“
ცოტა დავფიქრდი და მერე ვუთხარი: „ალბათ გულისხმობთ
აბუ სიმბელის ტაძარს?“
და მიპასუხა: „დიახ, დიახ.. უკაცრავად, შემეშალა. აბუ
სიმბელის ტაძარი უნდა მეთქვა.“
„და მოგეწონათ ეს ტაძარი?“
„მომეწონა რა სათქმელია, ჩემო ბატონო? ნება მომეცით,
რომ მთელი გულრწფელობით გითხრათ: ეს იყო ყველაზე ლამაზი შთაბეჭდილება ჩემს სიცოცხლეში.
რამდენი არ ვისაუბრეთ მერე მე და ჩემმა მეუღლემ ამ ტაძრის შესახებ. რა მშვენიერება
იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი კლდეშია გამოკვეთილი! ყველაფერი კლდეშია.. ყოველგვარი
იარაღის (ხელსაწყოს) გარეშე.“
„აუცილებლად უნდა დავუშვათ, რომ მათ ჰქონდათ იარაღები.“
„მე ვგულისხმობ, რომ მათ არ ჰყავდათ ტექნიკა.. ამწეები
და ყოველივე ამდაგვარი ხელსაწყოები.“
შემდეგ თავი გააქნია გაკვირვებისგან და თქვა: „საოცარია,
როგორ გადაშენდა ის ხალხი.“
„ვინ გადაშენდა?“
„ეგვიპტელები.“
„ მაგრამ ისინი არ გადაშენებულან!“
ვუთხარი მე ეს გაღიმებით: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი
შთამომავლობა ვართ.“
მან კი სახე ჩემსკენ მოაბრუნა და თქვა: „ოჰ დიახ, რა
თქმა უნდა... თუ შევხედავთ საკითხს ამ კუთხით დიახ, რატომაც არა!“
იმ წუთში მოვიდა ძაღლი და თავი ჩარგო ჩემსა და მოხუცს
შორის.
ქალი თავზე მოეფერა ძაღლს. უცებ მე ავცახცახდი ისევე,
როგორც ბავშვობაში კაიროში, როცა ძაღლმა შემაშინა, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე, ეს
ძაღლი იყო წაბლისფერი, რომელსაც ჰქონდა თეთრი ლაქები, ის იყო გამხდარი და თვალებში
სევდიანი გამოხედვა ჰქონდა.
მოხუცმა ქალბატონმა იმწუთში მითხრა: – „შეხედე როგორი
გამხდარია ის...“
მერე ქალმა ისევ დაუწყო საუბარი ძაღლს: „ლუკ, ჩემო ძვირფასო
მეგობარო, რატომ არ ჭამ, ისე როგორც საჭიროა? რატომ არ ჭამ?.. შეხედეთ მუსიე, როგორი
გამხდარია ის...“
მერე მე მომმართა ქალმა; თითქოს იმას ითვალისწინებდა,
რომ ძაღლი მყავდა დაკარგული და თანაგრძნობის ნიშნით მითხრა:
„შეგიძლიათ მოეფეროთ მას!“
მის ტონში ჩანდა სერიოზულობა, თითქოს მე მიზიარებდა
დიდ ცოდნას; ხელი გავიშვირე და ოდნავ შევეხე ძაღლის თავს. ქალი მთლიანად ჩემზე იყო
მოჩერებული და მეუბნებოდა:
„არა, არა... შეგიძლია მას შეეხოთ და ითამაშოთ მასთან
ერთად, როგორც გინდათ, ლუკი კეთილია.“
მე კი გულში გავიფიქრე: „რა უბედურება მეწია, თავს რომ
ვერ დავაღწევ ისეთი,“ და ასე ჩავერთე მასთან თამაშში, ძალიან ცოტა შეხებით შემოვიფარგლებოდი
ძაღლთან, სხეულით კი სულ შორს ვჩერდებოდი მისგან, ისეთნაირად რომ მოხუცს არ შეემჩნია
ეს. და უცებ ვკითხე ქალბატონს:
„ლუკი არის თუ არა რთული ძაღლი, ჭირვეული ხომ არაა ჭამაში
და თავს ხო არ გაბეზრებთ?“
ეს წინადადება მქონდა მოსმენილი ტელევიზორში, ძაღლების
შესახებ რეკლამიდან და გავიმეორე ზუსტად ისე, როგორც გამეგონა. ქალმა კი უარყოფის ტონით
მიპასუხა:
„ლუკი რთული?.. არა ჩემო ბატონო, საერთოდ არა, მაგრამ
მჯერა იმის, რაც თქვენ თქვით ადრე ნერვიული კრუნჩხვების შესახებ, როცა ავად გავხდი
და საავადმყოფოში დავწექი, ლუკი დავტოვე ძაღლების განყოფილებაში. ყველაზე კარგი განყოფილება
იყო ძაღლებისათვის, თანაც ყოველდღიური გადასახდელით, როდესაც იქიდან გამოვიყვანე, ასეთი
გამხდარი დამხვდა. იქ მითხრეს, რომ მისი სულიერი მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც მე
დავშორდი. თუმცა არ მჯერა ამის, უფრო მგონია, რომ ისინი არ აიძულებდნენ მას ისე ჭამას,
როგორც საჭიროა, წარმოიდგინეთ ბატონო ჩემო.. ყველაფერ იმის მიუხედავად, რა თანხაც გადამახდევინეს
ამაში... “
ამასობაში მე ფეხზე ავდექი და თანაგრძნობის ნიშნად მოხუცს
ვუთხარი: „ეს საკმარისია სრულიად, გმადლობთ თქვენ ქალბატონო ამ წუთებისათვის..“
მერე ძაღლს მივუბრუნდი, შორიდან დავუდექი და ალერსით
ვუთხარი: „და მადლობა შენ, ლუკ..“
მაგრამ ქალბატონმა მუდარით მომმართა და მითხრა: „შეგიძლიათ
რომ დარჩეთ კიდევ ცოტა ხანს, ვისაუბროთ ერთად, ვგულისხმობ, თუ თქვენი სურვილია.. ვგულისხმობ,
თუ რამე საქმეში არ მოგაცდინეთ...
ვუპასუხე: „სინამდვილეში...“ შემდეგ დავჯექი.
ლაპარაკობდა მოხუცი და თან ძაღლს ხელს უთათუნებდა:
„ეს კეთილი ბატონი ეგვიპტელია, ლუკ, უთხარი ამ ბატონს რომ არ ინაღვლოს. დაკარგა თავისი
ძაღლი; უთხარი მას რომ შეუძლია იყოლიოს სხვა ძაღლი.“
დანაშაული გრძნობა დამეუფლა საკუთარ თავში, შევატყვე
გარინდება მოსაუბრეს და მეც დუმილი შევინარჩუნე.
ისევ ქალბატონმა წამოიწყო: „დარჩებით აქ დიდხანს?“
„აქ სად?“
„აქ ჩვენს ქვეყანაში.“
„შეიძლება გავჩერდე დიდი ხნით, იძულებული ვარ დავრჩე
გარკვეული დროით, სამსახურის გამო.“
„რამდენი ხანია აქ მუშაობთ?“
„დიდი ხანია..“
ერთხანს მეც გავჩუმდი და ისიც, შემდეგ ისევ მე ვთქვი:
„რამდენი დრო გავიდა, თითქოსდა ყველაფერი გუშინ მოხდა, თითქოს გუშინ ჩამოვედი ამ ქვეყანაში
სასწავლებლად, სწავლის პერიოდში შემიყვარდა ერთი გოგონა და შევთანხმდით, რომ გვექორწინა.
დავიწყე მუშაობა აქ, რათა დავრჩენილიყავით ერთად, მაგრამ წავიჩხუბეთ და ერთმანეთს დავცილდით..
მერე შევრიგდით და დავბრუნდით, შემდეგ ისევ ვიჩხუბეთ... და ასე გავიდა დრო.“
„ალბათ, მერე ისევ შერიგდით?“
„არა ქალბატონო, ეს იყო წლების უკან, დიდი ხნის წინათ,
ის არ მინახავს უკვე ბევრი წელია და ვგონებ, რომ იგი დაოჯახდა. ჩვენი ისტორია დამთავრდა
დიდი ხნის წინად, მაგრამ დროის გასვლას ვერ ვამჩნევ. აწი კი დროა ალბათ დავბრუნდე ჩემს
ქვეყანაში, გაიხარებენ როცა მივალ ჩემი და-ძმა და ნათესავები, თუმცა მომექცევიან როგორც
სტუმარს, ჩამოსულს, ვიგრძნობ ალბათ მორიდებას და ვგრძნობ, რომ ძნელი იქნება ჩემთვის
ყველაფრის თავიდან დაწყება... სურვილი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია.“
„და აქ გრძნობთ თუ არა მარტოობას?“
„დიახ, ძალიან.“
„და არა გყავთ მეგობრები?“
გავჩუმდი ერთი მომენტი, შემდეგ კი ვთქვი: „მყავს მეგობრები
და არც მყავს ისინი, ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანს სინამდვილეში არ შეიძლება ჰყავდეს
მეგობრები თავისი სამშობლოს გარეთ. არ არსებობს კაცი, რომელიც თავისი სამშობლოს გარეთ
იმყოფება და იგი დაუმეგობრდეს ვინმეს ისე, როგორც ეს საჭიროა, და ისე შეიყვაროს, როგორც
ეს ეგების. შეიცვალა ეს გრძნობები... მოდის მძიმე დარდები და უცებ მშორდება სიხარული
და სიამენი.“
„არ მესმის თუ რას ამბობთ ზუსტად, ჩემო ბატონო, მაგრამ
ვიცი თუ რა არის მარტოობა.“
„და არა გყავთ თქვენ მეგობრები?“
„მყავდა, მათი უმრავლესობა გარდაიცვალა, მეც მალე იმათ
შევუერთდები..“
„ჰოი, ნუ მიეცემით ამ ცუდ ფიქრებს, უყურეთ ამ თბილ მზეს,
რომელიც ამოვიდა დღეს დილით, ისე რომ არ მოველოდით.“
მიაცქერდა მოხუცი ცას, თითქოს ამოწმებდა მზეს, იქ იყო
თუ არა; შემდეგ თქვა:
„და ის იკაშკაშებს კიდევ დიდხანს, მე კი არ ვიქნები
აქ.“
მოხუცი ლაპარაკობდა ამას დიდი თვინიერებით, მე კი გარინდებას
მივეცი და სიჩუმეში დავრჩი.
ისევ მან დაიწყო:
„მე მყავს ერთი ქალიშვილი, დაოჯახებულია, აქედან მოშორებულ
უბანში ცხოვრობს, მოდის ჩემს სანახავად ყოველ კვირა დღეს, ისიც უკვე ასაკოვანია, როცა
ცივი ამინდია, ვურეკავ ხოლმე და ვთხოვ, რომ არ მოვიდეს, ყოველთვის როცა ის მოდის, მასთან
საუბარს მონატრებულს მსურს, რომ ბევრ რამეზე ვისაუბროთ, ვუმზადებ ხოლმე ჩაის და ნამცხვარს,
შემდეგ კი თავს სასაუბროდ განვიწყობ, მაგრამ როგორც კი ჩაის დავლევთ და ვკითხავ მისი
მეუღლის შესახებ, საუბარი არ გვეწყობა, ისიც ფიქრებს მიეცემა და მცირე სიტყვას თუ იტყვის,
არ მინდა რომ მკაცრი და მომთხოვნი ვიყო მის
მიმართ, იგი კარგი შვილია, შესაძლოა მას აქვს პრობლემები, რაზეც არ უნდა ჩემთან ისაუბროს
და არ უნდა ამით ჩემი დამძიმება, ვიმედოვნებ, რომ ვუყვარვარ და ძალიან დამწუხრდება,
როცა მე წავალ ამ ქვეყნით. უმეტეს შემთხვევებში, როცა ის მაკოცებს და მიდის, მერე ვესაუბრები
ლუკს იმ რაღაცეებზე, რაც უნდა მეთქვა მისთვის, ასე არაა ლუკ?! “
მოხუცმა კვლავ გადაუსვა აკანკალებული ხელი ძაღლს, რომელმაც
თავი ჩარგო მორჩილად მის კალთაში, შემდეგ ისევ თქვა მოხუცმა.
ძაღლთან საუბარში გართულს თითქოს დაავიწყდა ჩემი იქ
ყოფნა:
„ჩვენ ორი მოხუცი ერთად დავრჩით, ლუკ. მაგრამ გთხოვ,
ნუ წახვალ შენც, მას შემდეგ რაც მე აღარ ვიქნები ამქვეყნად. ლუკ, ეს ცხოვრება, ეს ცხოვრება
მშვენიერია ყველაფრის მიუხედავად.“
შემდეგ უცებ ჩემსკენ შემობრუნდა მოხუცი და ისევ ხელი
მაგრად მომიჭირა:
„ეს ცხოვრება ლამაზია, ჩემო ბატონო, ჰოი, რაოდენ მშვენიერია
ის!“
შემდეგ კი თვალებიდან ცრემლები გადმოღვარა.
მე კი გამწყრალი მივუბრუნდი და ვუთხარი: „რატომ ლაპარაკობთ
ასე ქალბატონო, თქვენ გყავთ ქალიშვილი, რომელსაც უყვარხართ, და იცხოვრებთ კიდევ დიდხანს.
ერთდროს ყველანი წავალთ, მაგრამ არავინ იცის, ვინ როდის წავა...“
„თქვენ სწორი ბრძანდებით, ჩემო ბატონო, საავადმყოფოში
ექიმმა იგივე მითხრა. ვინ იცის?“
უცებ მაღალი ხმით გაიცინა, ეს სიცილი მხედრების ჭიხვინს
ჰგავდა, შემდეგ თქვა:
„ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ გამოყრუებულ მოხუცს, რომელმაც
დრო დაგაკარგვინათ; ბოდიში თუ შეგაწუხეთ, ახლა კი დროა რომ მე და ლუკმა რამე ვჭამოთ,
თქვენ თუ გსურთ, შეგიძლიათ რომ წახვიდეთ..“
მოიწმინდა ცრემლები, რომელიც ჩამოეღვარა სახის ნაოჭებზე,
მერე გახსნა ხელჩანთა და ამოიღო იქიდან ღვედი, რომელიც ძაღლს გაუკეთა კისერზე, თუმცა
ძაღლი თავს დაბლა ხრიდა და არ ემორჩილებოდა პატრონს, ქალბატონი ძლივს ადგა თავისი ადგილიდან,
ჯოხს ეყრდნობოდა, მე კი ვეხმარებოდი, სანამ მყარად არ დადგა ფეხზე.
მითხრა: „მადლობა თქვენ.. მადლობა გადაუხადე ამ კეთილ
ეგვიპტელს, ლუკ, იმედი მაქვს, გნახავთ მეორედაც, ჩემო ბატონო...“
მე კი ღიმილიანი სახე შევაგებე ქალბატონს და მის ძაღლს
ლუკს და თავზე ხელი გადავუსვი, მან თავისი მოკლე კუდი შეაქიცინა, შემდეგ ორნი წავიდნენ,
ტოვებდნენ მათ უკან ორმაგ ჩრდილს, ამგვარად ნელ-ნელა მშორდებოდნენ..
ქვის ოთხკუთხა ობელისკთან ერთმა პატარა ძაღლმა გაბმული
ყეფა გამართა, უმეტესობა ძაღლები და მათი პატრონები სასადილოდ გაეშურნენ, დარჩა მხოლოდ
ეს ძაღლი, უცებ ქალბატონი ჩემსკენ მობრუნდა და ხმააწევით მითხრა:
„არ გეუბნებოდით, რომ ეს ძაღლი ავადაა, სად შეიძლება
რომ მისი პატრონი წასულიყო?“
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თან მეღიმებოდა, რადგან
ვფიქრობდი, რომ ძაღლების ყეფა ამ ქვეყანაში მიაჩნდათ ავადმყოფობის აუცილებელ ნიშნად.
ისევ დავჯექი ჩემს ადგილზე, მზეზე.. ვაკვირდებოდი მის ჩრდილს, რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა...
დავჯექი მორჩილად, დამავიწყდა ცუდი სუნის არსებობა, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რაოდენ
სევდით სავსე იყო ეს ცხოვრება, დავფიქრდი ჩემს საყვარელ ადამიანზე (გულისსწორზე), რომელიც
დავკარგე, ჩვენს განშორებაზე და იმ დაკარგულ ბედნიერებაზე, რომელიც ჩვენ ორმა განვიცადეთ,
ასევე ვფიქრობდი ამ ავადმყოფ მოხუც ქალბატონზე და მის მარტოობაზე. ვიგონებდი ჩემთვის
ძვირფას ადამიანებს, რომლებიც წავიდნენ და ის დროებაც თან წაიღეს, ვიგონებდი იმ ოცნებებს,
განცდილს, რომლებისგან არაფერი დარჩა და არცერთი განხორციელდა. ჩემს გულში ვთქვი: „დეე,
იარსებე ძაღლების ბაღო, მაგრამ ეს ცხოვრება რა მშვენიერია.. დე, იარსებოს.“
მერე ავდექი ნელა, მძიმედ, უკან ჩამოვიტოვე ძაღლების
ბაღი, და ჩუმად გავედი ერთ უბანში, სადაც არავინ მოძრაობდა, თუმცა როგორც კი შევუხვიე
პირველივე ქუჩაზე, ჩემს გვერდით შევნიშნე ერთი დახურული სკოლის ღობე, სადაც მიწაზე
იყო დამხობილი ეს მოხუცი, ხოლო ძაღლი ლუკი ყნოსავდა დიდ ხელჩანთას, დაგდებულს ტროტუარზე,
მე ძირს დავიხარე და დავიყვირე:
„ლუკ, ჰეი ძაღლო.. რატომ არ ჰყეფ და არ იკლებ აქაურობას?“
მოხუცის სახე იყო დანაოჭებული, ჩალურჯებული, თუმცა სუნთქავდა,
უცებ გავიქეცი სატელეფონო ჯიხურისკენ და ვაგრძელებდი ყვირილს: „ლუკ, რატომ არ ჰყეფ,
ჰოი ძაღლო, რატომ არ ჰყეფ.“
მალე მოვიდა სასწრაფოს მანქანა და ერთმა მედდამ უცებ
გაუკეთა ნემსი ქალბატონს, იქვე ტროტუარზე, მეორემ ცხვირზე ჟანგბადის მოწყობილობა დაუმაგრა.
მესამემ კითხვების დასმა მე დამიწყო, რასაც რვეულში იწერდა, მე მას ვუთხარი: „არ ვიცი
მისი სახელი, არ ვიცი მისი ავადმყოფობის შესახებ, შევხვდი მას ამ ბაღში, შემდეგ კი
ვნახე ამ ტროტუარზე წაქცეული.“
თუმცა რამდენიმე წუთში გამახსენდა დ ვუთხარი: „მომისმინეთ,
მან მითხრა, რომ ჰყავს ქალიშვილი.“ შემდეგ ამ კაცმა დაიწყო მოხუცის ჩანთის გადმობრუნება,
ათვალიერებდა შიგნით ქაღალდებს და მითხრა: „დავურეკავთ ამ ქალბატონს ჩვენ, ნუ იღელვებთ..“
ეს პროცესი არ გაგრძელებულა რამდენიმე წუთზე მეტხანს,
ის-ის იყო საკაცეზე დააწვინეს ავადმყოფი და აიყვანეს მანქანაში, ავტომობილი გაბმულ
ზუზუნა ხმებს გამოსცემდა და თავზე მწვანე ფერის ნათურა უტრიალებდა, ვკითხე იმ მედდას,
რომელიც უწინ კითხვებს მისვამდა: „ეს ძაღლი, ლუკი, სად უნდა წავიდეს, ეს ქალბატონი
მისი პატრონია.“
ლუკი იდგა იმ მანქანის უკანა კართან, რომელიც ღია იყო,
და ძაღლი ხმადაბლა ყმუოდა..
და მედდამ მითხრა ისე, რომ კეტავდა მანქანის კარს:
„გთხოვთ, ნუ მომაცდენთ, თქვენ ხომ გინდათ რომ ვუშველოთ
ამ ქალბატონს, განა ასე არაა?“
უცებ მოწყდა ავტომობილი ადგილიდან, ხმამაღლა აუწია სირენას,
მერე ნელ-ნელა გამშორდა და შეწყდა ეს ხმაურიც. ლუკი მისდევდა ამ მანქანას უკან, თავიდან
ჰყეფდა, შემდეგ შეწყვიტა და ჩემსკენ გამოიქცა.
ასე შემომყურებდა და კუდს იქნევდა, მეც ვუცქერდი მას
და ვთქვი, თან ჩუმად ვიცინოდი: „რა ვქნათ აწი ჩემო ლუკ, ამ მშვენიერ სამყაროში?“
შემდეგ მივატოვე ის და მივტრიალდი სხვა მხარეს და სწრაფად
წავედი მისგან, მაგრამ ჩემს უკან გავიგონე
ფოლადის ტარის ხმა, რომელიც ძაღლის ღვედს ჰქონდა, რაც ტროტუარზე მონოტონური
ხმით რეკავდა: თირაქ, თირაქ, თირაქ ...
და მე შევჩერდი.
2014 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий