среда, 26 ноября 2014 г.

კაცი რომლის გულიც მთებში ძგერს

ავტორი: ვილიამ საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
ათას ცხრაას თოთხმეტ წელს, როდესაც მე ექვსი წლისაც არ ვიყავი, მოხუცმა კაცმა ჩამოიარა სან ბენიტოს გამზირი, რომელიც მხოლოდ სტვირზე უკრავდა და იყო მიმავალი მოხუცთა თავშესაფრისაკენ, გზად იგი უცებ ჩვენი სახლის წინ შეჩერდა.
მე ეზოდან გადმოვირბინე, დავდექი ტროტუარზე და ველოდებოდი მას, თუ როდის დაიწყებდა კვლავ დაკვრას, მაგრამ მან არ დაუკრა. მე ვთქვი: „დარწმუნებული ვარ, მინდა მოვისმინო, როგორ უკრავთ თქვენ სხვა მელოდიას.“ მან მიპასუხა: „ახალგაზრდა კაცო, შეგიძლია რომ მოუტანო ერთი ჭიქა წყალი მოხუც კაცს, ვისი გულიც აქ არ არის, არამედ მთებშია?!“
„რა მთებში?“ მე ვკითხე
„შოტლანდიის მთებში,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „ეს შენთვის მისაღებია?“
„რას აკეთებს შენი გული შოტლანდიის მთებში?“ ვკითხე.
„ჩემი გული გლოვობს და კვნესის იქ,“ მოხუცმა კაცმა თქვა. „შეგიძლია მომიტანო ერთი ჭიქა ცივი წყალი?“
„სად არის დედათქვენი,“ მე ვუთხარი.
„დედაჩემი არის ტულსაში, ოკლაჰომა, მაგრამ მისი გული იქ არ არის,“ თქვა მოხუცმა.
„სად არის მისი გული?“ ვკითხე.
„შოტლანდიის მთებში,“ მიპასუხა. „მე ძალიან მწყურია, ახალგაზრდა კაცო!“
„როგორ ხდება ისე რომ შენი ოჯახის წევრები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ გულებს მთებში?“ ვკითხე.
„ეს ჩვენ მოგვდგამს,“ მოხუცმა კაცმა მიპასუხა. „დღეს აქა ვარ, ხვალ კი იქ მივდივარ.“
„დღეს აქ ხარ, ხვალ იქ მიდიხარ, ეს როგორ გავიგოთ?“
„ერთ წუთს ვცხოვრობთ და სიკვდილი წინა გვაქვს,“ თქვა მოხუცმა კაცმა.
„სად არის დედაშენის დედა?“ მე ვუთხარი.
„იგი ვერმონტშია, პატარა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ვაით რივერი, მაგრამ მისი გული იქ არ არის!“ მოხუცმა დასძინა.
„არის განა მისი საწყალი, ძველი, დამჭკნარი გული აგრეთვე მთებში?“ ვკითხე.
„რა თქმა უნდა, ნამდვილი, ალალი სული ტრიალებს მთებში,“ თქვა მოხუცმა კაცმა, „შვილო, მე ვკვდები წყურვილისგან.“
მამაჩემი გამოვიდა ამდროს აივანზე და დაიღრიალა როგორც ლომმა, რომელიც ეს-ესაა გამოღვიძებულიყო საშინელი სიზმრებისაგან.
„ჯონნი,“ მან დაიღრიალა, „გაეთრიე და გაშორდი ამ საწყალ მოხუცს, წადი და მოუტანე მას დოქით წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება. სად ჯანდაბაშია შენი მანერები?“
„განა ბავშვს არა აქვს უფლება, გამოელაპარაკოს მოგზაურს ცოტა ხნით?“ მე ვთქვი.
„წადი და მოუტანე მოხუც ჯენტლმენს ცოტა წყალი,“ თქვა მამაჩემმა, „ღმერთმა შეგაჩვენოს, ნუ დგახარ აქ როგორც მანეკენი, გაინძერი და დაალევინე მას წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება.“
„შენ დაალევინე, ხომ არაფერს აკეთებ.“
„მე არ ვაკეთებ არაფერს?!“ თქვა მამაჩემმა, „ღმერთმა შეგაჩვენოს, კაი, თუ ასეა, გეტყვი რომ ეს-ესაა ახალი ლექსი დავალაგე გონებაში.“
„გულში რას იგონებ მე როგორ გავიგო?“ ვუთხარი. ისევ და ისევ დგახარ ხელებაკაპიწებული აივანზე და რას იგონებ მე ვიცი განა?!“
„კეთილი, შენ უნდა იცოდე ეს,“ მითხრა მამაჩემმა.
„შუადღე მშვიდობისა“ მიმართა მოხუცმა კაცმა მამაჩემს, „თქვენმა შვილმა მომითხრო თუ როგორი სუფთა და გრილი ჰავა იცის ამ მხარეში.“
(„ღმერთო ჩემო, საერთოდ არაფერი მითქვამს ამ მოხუცი კაცისთვის კლიმატის (ჰავის) შესახებ, საიდან მოიტანა ეს სისულელე? “)
„შუადღე მშვიდობისა,“ უთხრა მამაჩემმა. „ხომ არ შემოხვიდოდით ჩვენთან და დაისვენებდით ცოტას, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩვენს მაგიდასთან მიირთმევთ სამხარს (ლანჩს).“
„სერ“, თქვა მოხუცმა კაცმა, „მე საშინლად მშია, ახლავე თქვენსას მოვალ.“
„შეგიძლია მეთამაშო სასმელზე მხოლოდ შენი თვალებით“ {სიტყვები ძველი რომანსიდან, რომელიც ეკუთვნის ინგლისელ პოეტსა და დრამატურგს ბენ ჯონსონს (1573-1637); პოპულარული იყო მე-18 საუკუნეში, კომპოზიტორი უცნობია}, მე ვუთხარი ეს მოხუცს, „დარწმუნებული ვარ  მომეწონება იმის გაგონება, თუ როგორ დაუკრავთ თქვენს სტვირზე, თქვენი ეს სიმღერა ჩემი ფავორიტია, ვგონებ, მომეწონება ეს მელოდია ყველა სხვა ჰანგზე უფრო ამქვეყნად.“
„შვილო,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „როცა შენ მიხვალ ჩემს ასაკამდე, გაიგებ რომ სიმღერები არაა ძალიან მნიშვნელოვანი, პური უფრო მთავარია.“
„ყოველ შემთხვევაში,“ მე ვთქვი, „დარწმუნებული ვარ მომეწონება იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავთ თქვენ ამ სიმღერას.“
მოხუცი კაცი ავიდა აივანზე და ხელი ჩამოართვა მამაჩემს.
„ჩემი სახელია იასპერ მაკგრეგორი, მე მსახიობი ვარ.“
„ძლიერ მოხარული ვარ თქვენი გაცნობით,“ უთხრა მამაჩემმა, „ჯონნი, მოუტანე მისტერ მაკგრეგორს ერთი დოქი წყალი.“
მე მივედი ჭასთან, ჩავასხი ცივი წყალი დოქში და მივუტანე მოხუც კაცს, მან დალია მთელი დოქი წყალი ერთი გრძელი ყლუპით, შემდეგ მიმოიხედა ირგვლივ, მოათვალიერა ლანდშაფტი, მერე ახედა ცას და ბოლოს სან ბენიტოს გამზირს მიაპყრო მზერა, სადაც საღამოს მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა.
„ვფიქრობ, რომ ხუთი ათასი მილითა ვარ დაშორებული ჩემი სახლიდან.“ მან თქვა, „როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვეჭამა ცოტა პური და ყველი, რომ ჩემი სხეული და სული ერთმანეთს არ დაშორდნენ?“
„ჯონნი“, მითხრა მამაჩემმა, „გაიქეცი უცებ საბაყლო მაღაზიაში და მოიტანე ერთი თავი ფრანგული პური და ერთი ფუნტის ყველი.“
„მომეცი ფული,“ მე ვუთხარი.
„უთხარი მისტერ კოსაკს რომ მოგვცეს ჩვენ ნდობით.“ თქვა მამაჩემმა, „მე არა მაქვს ერთი პენიც კი, ჯონნი.“
„მას არ უნდა მოგვცეს ჩვენ ვალად,“ მე მივუგე, „მისტერ კოსაკი დაღლილია ჩვენთვის პროდუქტების ნისიად მოცემით, იგი ჩვენზე უკვე გამწყრალია, ამბობს, რომ არ ვმუშაობთ და არასოდეს ვიხდით ჩვენს ვალებს, მისი უკვე გვმართებს ორმოცი ცენტი.“
„ჩადი იქ და შეეკამათე მას,“ მითხრა მამაჩემმა, „ხომ იცი, რომ ეს არის შენი ხელობა.“
„იგი არ მოისმენს მიზეზებს,“ მე ვთქვი „მისტერ კოსაკი ამბობს, რომ მან არ იცის არაფერი არაფრის თაობაზე, მხოლოდ რაც მას უნდა არის ორმოცი ცენტი.“
„ჩადი იქ და მოაცემინე შენთვის ერთი თავი პური და ფუნტის ყველი,“ თქვა მამამ, „შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ჯონნი.“
„ჩადი იქ და უთხარი მისტერ კოსაკს მოგცეს თავი პური და ერთი ფუნტის ყველი, შვილო.“ მითხრა მოხუცმა კაცმა.
„ფეხი გაადგი წინ, ჯონნი.“ მომმართა მამაჩემმა, „შენ ერთხელაც არ გამოსულხარ იმ მაღაზიიდან ისე რომ სურსათი არ მოგეტანა. ასე რომ ახლაც უნდა დაბრუნდე უკან ათ წუთში, მეფის საკადრისი საჭმელებით.“
„არ ვიცი,“ ვთქვი, „მისტერ კოსაკი ამბობს, რომ ჩვენ ვცდილობთ მას თავ-გზა ავუბნიოთ, მას უნდა რომ იცოდეს რა სახის სამუშაოზე მუშაობ.“
„კარგი, გაადგი ფეხი წინ და უთხარი მას, რომ არაფერი მაქვს დასამალი, მე ვწერ ლექსებს, უთხარი მისტერ კოსაკს, რომ მე ვწერ პოეზიას დღე და ღამე.“
„კეთილი, ძალიან კარგი,“ მე მივუგე, „მაგრამ არა მგონია რომ იგი დიდად მოიხიბლება ამითი, იგი ამბობს რომ შენ არასოდეს გადიხარ გარეთ და არ ეძებ სამსახურს, როგორც სხვა უმუშევარი ადამიანები, იგი ამბობს რომ შენ ხარ ზარმაცი და არაკეთილსინდისიერი.“
„შენ ჩადი მანდ და უთხარი მას რომ თვითონ არის ზარმაცი, ჯონნი.“ თქვა მამაჩემმა, „შენ ჩადი იქ და უთხარი იმ ვაჟბატონს, რომ მამაშენი არის ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი, თუმცა არაღიარებული პოეტი.“
„იგი ამას არაფრად დაგიდებს,“ მე ვთქვი, „თუმცა მე მაინც წავალ და ძალას არ დავიშურებ, მაგრამ ნუთუ არაფერი გაგვაჩნია ახლა ჩვენ საჭმელად?!“
„მხოლოდ ბატი-ბუტი,“ თქვა მამაჩემმა, „ოთხი დღეა გადაბმით რაც ჩვენ პოპკორნს მივირთმევთ, ჯონნი. შენ ესწრაფე, რომ იშოვო პური და ყველი, თუ ჩემგან ელოდები ამ გრძელი პოემის დასრულებას.“
„შევეცდები, რაც ჩემს ძალებს აღემატება,“ მე ვთქვი.
„დიდხანს ნუ დააყოვნებ,“ მითხრა მისტერ მაკგრეგორმა, „მე ხუთი ათასი მილით ვარ დაშორებული ჩემს სახლს.“
„მთელი გზა ვირბენ.“ მე ვუპასუხე
„თუ იპოვი რამე ფულს გზაში, გახსოვდეს, რომ ორმოცდაათი ორმოცდაათზე უნდა გავიყოთ,“ თქვა მამაჩემმა.
„კარგი,“ ვუთხარი.
მე მივრბოდი მთელი გზა მისტერ კოსაკის მაღაზიამდე, მაგრამ ვერ ვიპოვე არანაირი ფული იმ გზაზე, ერთი პენიც კი.
შევედი მაღაზიაში და მისტერ კოსაკმა მაშინ გაახილა თვალები.
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „შენ რომ იყო ახლა ჩინეთში და რომ არ გყავდეს ერთი მეგობარი და არც ფული გქონდეს, ალბათ დაელოდებოდი ვინმე ქრისტიანის მოწყალებას, რომელიც მოგცემდა ერთ ფუნტ ბრინჯს, განა არა?“
„რა გინდა?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ,“ მე ვუპასუხე, „თქვენ ალბათ გექნებათ იმედი, რომ არიული რასის ზოგიერთი წარმომადგენელი დაგეხმარებათ არცთუ მცირედით, განა ასე არ ფიქრობთ, მისტერ კოსაკ!“
„ფული რამდენი იშოვე?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ამჯერად ფულზე არა მაქვს საუბარი, მისტერ კოსაკ, ვსაუბრობ ჩინეთში ყოფნაზე და დახმარების საჭიროებაზე თეთრი რასისგან.“
„მე არაფერი ვიცი არაფრის შესახებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მაინტერესებს, როგორ იგრძნობდით ამ მდგომარეობაში თავს ჩინეთში?“ მე ვკითხე.
„არ ვიცი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რას უნდა ვაკეთებდე მე ჩინეთში?!“
„კეთილი,“ მე ვთქვი, „ვთქვათ, რომ თქვენ სტუმრობთ ჩინეთს და მოგშივდათ, ხოლო  გვერდით არ გყავთ ერთი მეგობარიც კი, წარმოგიდგენიათ ვინმე ისეთი გულისხმიერი ქრისტიანი, რომელიც უარს გეტყოდათ ერთი ფუნტი ბრინჯის მოცემაზე, მისტერ კოსაკ?“
„ვგონებ რომ არა,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „მაგრამ შენ არა ხარ ჩინეთში, ჯონნი და მით უმეტეს, არც მამაშენი. კარგი იქნებოდა, რომ შენ ან მამაშენი გადიოდეთ გარეთ და ზოგჯერ იმუშავებდეთ თქვენი სარჩოსთვის, ასე რომ, დღესვე რომ დაიწყოთ ეს კარგი იქნება. არ ვაპირებ მოგცე შენ მეტი საბაყლო საქონელი კრედიტად, იმიტომ რომ ვიცი არ გადამიხდი ამაში.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვთქვი, „თქვენ ვერ გამიგეთ: არ ვსაუბრობ ამ რამოდენიმე საბაყლო საქონელზე, მე ვსაუბრობ ყველა იმ ბარბაროს ხალხზე თქვენს ირგვლივ ჩინეთში, მაშინ როცა თქვენ ხართ მშიერი და კვდებით.“
„ეს არ არის ჩინეთი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შენ მიაღწევ იმას, რომ წახვალ აქედან და იცხოვრებ იმ ქვეყანაში, ამერიკაში ყველა მუშაობს.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „ვვარაუდობ, რომ ერთი თავი ფრანგული პური და ერთი ფუნტი ყველი დაგჭირდებათ, რომ დარჩეთ ცოცხალი ამ სამყაროში, ნუთუ თქვენ შეყოყმანდებით რომ თხოვოთ ქრისტიან მისიონერს ეს საგნები?!“
„დიახ, შევყოყმანდებოდი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შემრცხვებოდა ამის თხოვნა.“
„თუნდაც გცოდნოდათ ის რომ დაუბრუნებდით მას უკან ორ თავ პურსა და ორი ფუნტის ყველს, მაშინაც კი შეყოყმანდებოდით?!“ მე ვკითხე.
„მაშინაც კი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნუ წახვალთ ამ გზით მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი.
„ეს მარცხმოსურნე საუბარია და თქვენც იცით ეს. ერთადერთი რაც მაშინ თქვენ შეგემთხვევათ - ეს არის სიკვდილი, მაშინ თქვენ სიკვდილი მოგიწევთ სამშობლოს გარეთ, ჩინეთში, მისტერ კოსაკ.“
„არ მაინტერესებს თუ იქ მოვკვდები“ თქვა მისტერ კოსაკმა, „შენ და მამაშენს მოგიწევთ გადახდა პურზე და ყველზე, რატომ არ გავა მამაშენი და არ იშოვის სამსახურს?“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „როგორა ხართ, ისე სხვათა შორის?“
„მშვენივრად, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „შენ როგორა ხარ?“
„უკეთესად ვერც წარმოიდგენთ, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი, „როგორ არიან თქვენი ბავშვები?“
„მშვენივრად“, თქვა მისტერ კოსაკმა, „სტეფანი ახლა იწყებს სიარულს.“
„ეს დიდებულია“, მე ვთქვი, „როგორ არის ანგელა?“
„ანგელა ახლა იწყებს სიმღერას,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „როგორ არის ბებიაშენი?“
„ის თავს გრძნობს შესანიშნავად“, მე ვთქვი. „ისიც ახლა იწყებს სიმღერას. ბებია ამბობს, რომ იგი უფრორე ოპერის ვარსკვლავი გახდება, ვიდრე დედოფალი. როგორ არის მარტა, თქვენი ცოლი, მისტერ კოსაკ?“
„ოჰ, შესანიშნავად,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მე ვერ გადმოგცემ იმას თუ როგორ მიხარია იმის მოსმენა, რომ ყველა თქვენს სახლში კარგად არის.“ მე ვთქვი, „ვიცი რომ სტეფანი ერთ დღესაც დიდი კაცი გამოვა.“
„მეც ამას ვიმედოვნებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „ვაპირებ, რომ გავუშვა იგი პირდაპირ უმაღლეს სკოლაში და მაშინ ვნახავთ, რომ იმ შესაძლებლობებს იგი მიაღწევს, რასაც მე ვერ მივაღწიე, არ მინდა, რომ გახსნას მან საბაყლო მაღაზია.“
„მე დიდ იმედს ვამყარებ სტეფანზე,“მე ვუთხარი.
„რა გინდა ჯონნი?“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რამდენი ფული გაგაჩნია?“
„მისტერ კოსაკ“  ვუთხარი, „თქვენ იცით, რომ მე არ მოვსულვარ აქ რომ ვიყიდო რამე. თქვენ იცით, რომ მე მიყვარს ცოტა ფილოსოფიური საუბარი თქვენთან, რაც ადრეც მქონია და მომავალშიც მექნება თქვენთან. მომეცი რა ერთი თავი ფრანგული პური და ფუნტი ყველი.“
„შენ უნდა გადამიხადო ნაღდი ფული, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„და ესთერი,“ მე ვუთხარი. „როგორ არის თქვენი მშვენიერი ქალიშვილი ესთერი?“
„ესთერიც კარგად არის, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა, „მაგრამ შენ მოგიწევს ნაღდი ფულის გადახდა. შენ და მამაშენი ყველაზე უარესი მოქალაქეები ხართ მთელს ქვეყანაზე.“
„მიხარია, რომ ესთერი კარგად არის, მისტერ კოსაკ,“ მე ვთქვი. „იასპერ მაკგრეგორი გვსტუმრობს სახლში, იგი დიდი მსახიობია.“
„არასოდეს გამიგია მის შესახებ“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„და რას იტყვით რომ მომცეთ ერთი ბოთლი ლუდი მისტერ მაკგრეგორისათვის?“ ვუთხარი.
„ვერ მოგცემ ერთ ბოთლ ლუდს“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„რა თქმა უნდა, ეს შენ შეგიძლია“, მე ვუთხარი.
„არ შემიძლია ეს“ თქვა მისტერ კოსაკმა, „გირჩევ რომ აიღო ერთი თავი გამხმარი პური და ერთი ფუნტის ყველი, მაგრამ მხოლოდ ეს. რა სახის სამუშაოს ასრულებს მამაშენი, როცა ის მუშაობს, ჯონნი?“
„მამაჩემი წერს ლექსებს, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი, „ეს არის ერთადერთი საქმე, რასაც მამაჩემი აკეთებს. იგი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია პოეზიისა მსოფლიოში.“
„როდის იშოვის იგი რამე ფულს“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„იგი არასდროს იშოვის რამე ფულს!“ მე ვუთხარი, „შენ ვერ მოერევი მას.“
„მე არ მიყვარს ამგვარი სამუშაო“, თქვა მისტერ კოსაკმა. „რატომ არ იმუშავებს მამაშენი ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ჯონნი?“
„იგი მუშაობს უფრო მძიმე გრაფიკით, ვიდრე სხვა ნებისმიერი“ მე ვთქვი. „მამაჩემი ორმაგად უფრო ბევრს მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.“
„კეთილი, ეს არის ორმოცდათხუთმეტი ცენტი, რაც შენ ჩემი გმართებს, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა. „გირჩევ, რომ აიღო ეს პროდუქტი ამჯერად, მაგრამ არასოდეს განმეორდება ეს მეორედ.“
„უთხარი ესთერს, რომ მე მიყვარს ის“, ვუთხარი.
„კარგი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნახვამდის, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი
„ნახვამდის, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
მე გამოვიქეცი უკან შინისაკენ ერთი თავი ფრანგული პურითა და ფუნტი ყველით.
მამაჩემი და მისტერ მაკგრეგორი იდგნენ ქუჩაში და ელოდებოდნენ იმას დავბრუნდებოდი თუ არა მე პროდუქტებით დახუნძლული. მათ გამოირბინეს თითქმის ნახევარი კვარტალი ჩემს შესახვედრად და როდესაც ნახეს რომ ხელში სურსათით მივდიოდი, მყისიერად სახლისაკენ გაბრუნდნენ, სადაც ბებიაჩემი გველოდებოდა. ბებიამ უცებ დაიწყო ერთი ფაცი-ფუცი, მაგიდის გაშლა და სუფრის თადარიგი დაიჭირა.
„ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი,“ თქვა მამაჩემმა.
„ეს მე მოვახდინე,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„მისტერ კოსაკი ასე ამბობს, რომ ჩვენ მოგვიწევს გადავუხადოთ მას ორმოცდათხუთმეტი ცენტი,“ მე ვუთხარი, „იგი ამბობს, რომ მომავალში არ აპირებს მოგვცეს ჩვენ მეტი პროდუქტი კრედიტად.“
„ეს მისი პოზიციაა,“ თქვა მამაჩემმა, „რაზე ესაუბრე მას შენ, ჯონნი?“
„პირველ რიგში ვესაუბრე მშივრად ყოფნაზე და სიკვდილის კარამდე მისვლაზე ჩინეთში,“ მე ვთქვი, „შემდეგ კი გამოვკითხე მისი ოჯახის შესახებ.“
„როგორ ყოფილან ისინი ყველანი?“ თქვა მამაჩემმა.
„მშვენივრად,“ მე ვუპასუხე.
ასე ამგვარად ჩვენ ყველანი შევედით შიგნით და მივირთვით ერთი თავი პური და ერთი ფუნტი ყველი, თითეულმა ჩვენთაგანმა კი დალია ორი თუ სამი ლიტრიანი ჭურჭლით წყალი, ბოლოს პურის ყველა ნამცეცი ჩვენს თვალწინ გაქრა, მისტერ მაკგრეგორმა დაიწყო ყურება სამზარეულო ოთახის გარშემო, ეძებდა იყო თუ არა იქ კიდევ რამე საჭმელი.
„ეს ლურჯი დაწინაურდება,“ მან თქვა, „რა ხდება იქ ჯონნი?!“
„ჭრიჭინები ჩხუბობენ,“ მე მივუგე.
„ეს დიდი დოქი კუთხეში რომ დგას, მანდ რა ხდება ჯონნი?“
„“მე წავაწყდი უვნებელ გველს იმ დოქში,“ მივუგე.
„კეთილი,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „ უნდა წავიდე და აღვირი ამოვდო ამ ჩხრიალა ტვინადუღებულ გველს უდაბნოს გზაზე, ჯონნი.“
„შენ ვერ დაიჭერ ამ გველს,“ მე ვუთხარი.
„რატომ არა, ჯონნი?“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „რა ჯანდაბა დამიდგება წინ რომ ვერ შევძლო, შვილო?! გამიგია, რომ მზიანი ბორნეოს მოსახლეობა ჭამს გველებსა და კალიებს, ნუთუ შენ არ გადაყრიხარ ნახევარ დუჟინ კალიებს ამ არე-მარეში; განა არა, ჯონნი?!“
„მხოლოდ ოთხს,“ მე ვუთხარი.
„კეთილი, ჩორთით გაიყვანე ისინი, ჯონნი.“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „და მას შემდეგ რაც მუცლებს ამოვივსებთ მე დავუკრავ შენთვის დუდუკზე ასეთ მელოდიას: შეგიძლია მეთამაშოთ მე სასმელზე მხოლოდ თქვენი თვალებით, ამ სიმღერას შეგისრულებ, ოღონდ ჯერ ძალიან მშია, ჯონნი.“
„მეც ასევე“, მე ვუპასუხე, „მაგრამ მგონი შენ არ უნდა აპირებდე იმ გველის მოკვლას?!“
მამაჩემი იჯდა მაგიდასთან და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ოცნებობდა. ბებიაჩემი ბოლთას ცემდა სახლის ირგვლივ და მღეროდა არიებს პუჩინიდან: {ჯაკომო პუჩინი (1858-1924) – იტალიელი კომპოზიტორი, ავტორი ოპერებისა „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ტურანდოტი“ და სხვ.} „ქუჩა-ქუჩა მე დავხეტიალობ“, იგი ღრიალებდა იტალიურად. „რას იტყვით ცოტა მუსიკაზე?“ თქვა მამაჩემმა, „ვფიქრობ, რომ ბიჭი ამითი ისიამოვნებს.“
„დარწმუნებული ვარ რომ კი, მისტერ მაკგრეგორ,“ მე ვთქვი.
„კეთილი, ჯონნი“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
ასე რომ იგი ადგა და დაიწყო სტვირზე ჩაბერვა, იგი უბერავდა სტვირს ისე ძლიერად, ვიდრე ვინმე კაცს ოდესმე ჩაუბერია მასში, მთელი მილის მანძილზე, ახლო-მახლოდან ხალხი ისმენდა მის დაკრულს და აღტაცებული იყო, თვრამეტამდე მეზობელი მოგროვდა ჩვენი სახლის წინ და ტაშს უკრავდნენ, როცა მისტერ მაკგრეგორმა დაასრულა ეს სოლო. მამაჩემი გაუძღვა მისტერ მაკგრეგორს აივანზე და უთხრა: „რა კარგი მეზობლები და მეგობრებია ღმერთმანი, მეზობლებო, მე მინდა წარმოგიდგინოთ იასპერ მაკგრეგორი, ჩვენი დროის უდიდესი შექსპირიანელი მსახიობი.“
კარგმა მეზობლებმა და მეგობრებმა არაფერი თქვეს, ხოლო მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „მახსოვს ჩემი პირველი გამოსვლა ლონდონში 1867 წელს, თითქოსდა ეს იყო გუშინ,“ და ასე მან გააგრძელა თავისი ისტორია კარიერაზე საუბრით. რუფ ეიფლიმ, ხურომ უთხრა: „რას იტყოდით ცოტა მეტ მუსიკაზე, მისტერ მაკგრეგორ?“ მისტერ მაკგრეგორმა კი ჰკითხა: „მოგეპოვება თუ არა კვერცხი შენს სახლში?“
„დიახ, რა თქმა უნდა,“ თქვა რუფმა. „მე მაქვს დუჟინი კვერცხები ჩემს სახლში.“
„თუ შენთვის მოსახერხებელი იქნება, წადი და მოიტანე ერთი იმ თორმეტი კვერცხიდან!“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „როდესაც შენ დაბრუნდები, მე დავუკრავ ისეთ სიმღერას, რომელიც შენს გულს ააძგერებს ხან სიხარულითა და ხან სევდით.“
„მე ახლავე ვაპირებ გზას გავუდგე“, თქვა რუფმა და წავიდა შინ, რომ მოეტანა კვერცხი.
მისტერ მაკგრეგორმა ჰკითხა ტომ ბეიკერს, ჰქონდა თუ არა მას სახლში პატარა ნაჭერი ძეხვი და ტომმა უპასუხა, რომ კი ჰქონდა. მისტერ მაკგრეგორმა კითხა ტომს, შეეძლო თუ არა მას წასულიყო შინ და მოეტანა პატარა ძეხვის ნაჭერი; როცა ტომი დაბრუნდებოდა, მისტერ მაკგრეგორი დაუკრავდა სტვირზე სიმღერას, რაც სრულიად შეცვლიდა ტომის ცხოვრების ისტორიას. ამგვარად ტომი წავიდა სახლში ძეხვზე, ხოლო მისტერ მაკგრეგორმა ჰკითხა თითეულს ამ თვრამეტ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან, თუ ჰქონდათ მათ რამე პატარა და ლამაზი საგანი სახლში, რისი ჭამაც შეიძლებოდა; ასე რომ, მისტერ მაკგრეგორი დაუკრავდა მელოდიას, რომელზეც თქვა რომ ის იქნებოდა მშვენიერი რამ მოსასმენად, და როდესაც ყველა კარგი მეზობელი და მეგობარი დაბრუნდა ჩვენს სახლში მთელი რიგი პატარა და ლამაზი საგნებით (სანოვაგით), რისი ჭამაც შეიძლებოდა, მისტერ მაკგრეგორმა მიიტანა სტვირი ტუჩებთან და დაუკრა შემდეგი მელოდია: „ჩემი გული არის მთებში, ჩემი გული არ არის აქ.“ და თითეული ამ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან ატირდა, მერე კი შინ დაბრუნდნენ, მისტერ მაკგრეგორმა აიღო ყველა ეს კარგი საგანი, შემოიტანა ჩვენს სამზარეულოში, ასე რომ იმ დღეს ჩვენი ოჯახი ქეიფობდა, სვამდა და ილხენდა: სუფრაზე იყო კვერცხი, ძეხვი, დუჟინი მწვანე ხახვი, ორი სახის ყველი, კარაქი, ორი სახის პური, მოხარშული კარტოფილი, ქორფა პამიდვრები, ნესვი, ჩაი და ბევრი სხვა კარგი რამ, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ასე რომ საცვალი წელზე შემოგვეჭირა, მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „სერ, თუ თქვენთვის ყველაფერი სულ ერთია, მე მსურს რომ გავჩერდე თქვენს სახლში რამდენიმე დღეს.“ და მამაჩემმა უპასუხა: „სერ, ჩემი სახლი თქვენი სახლია,“ და ამგვარად მისტერ მაკგრეგორი გაჩერდა ჩვენს სახლში ჩვიდმეტ დღესა და ჩვიდმეტ ღამეს, მეთვრამეტე დღის შუადღეზე ერთი კაცი მოხუცთა თავშესაფრიდან მოვიდა ჩვენს სახლში და თქვა: „მე ვეძებ იასპერ მაკგრეგორს, მსახიობს,“ მამაჩემმა კი უპასუხა: „შენ რა გინდა?“
„მე ვარ მოხუცთა თავშესაფრიდან“, თქვა ახალგაზრდა კაცმა, „და მე მინდა რომ მისტერ მაკგრეგორი დაბრუნდეს უკან ჩვენს სახლში, იმიტომ რომ ორ კვირაში ვდგამთ ჩვენს ჩვენებას და გვჭირდება მსახიობი.“ მისტერ მაკგრეგორი ადგა იატაკიდან, სადაც იგი ოცნებობდა და გაყვა უკან ახალგაზრდა კაცს. მეორე დღის შუადღეზე მამაჩემი ისევ შიმშილს გრძნობდა და თქვა:
„ჯონნი, ჩადი ერთი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და მოიტანე ცოტა რამ, რომ ვჭამოთ. მე ვიცი, რომ ეს შენ შეგიძლია, ჯონნი. მოიტანე რამე, რაც შეგიძლია.“
„მისტერ კოსაკს უნდა ორმოცდათხუთმეტი ცენტი“, მე ვთქვი, „იგი არ მოგვცემს ჩვენ არაფერს ფულის გარეშე.“
„ჩადი იქ, ჯონნი,“ თქვა მამაჩემმა, „შენ შეგიძლია რომ დაიყოლიო ის ჩინებული სლოვაკი ჯენტლმენი, რომ მოგცეს ცოტა რამ საჭმელად.“
ამგვარად, მე ჩავედი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და წამოვჭერი ჩინური პრობლემა, რაშიც იგი მე ჩავჭერი, ეს იყო ჩემთვის საკმაოდ კარგი სამუშაო, ასე რომ შევძელი და გამოვედი იქიდან ჩიტების საკვები მარცვლის ერთი ყუთით და ნახევარი ბიდონი ნეკერჩხლის სიროფით, ყველაფრის მიუხედავად მე ეს შევძელი, მამაჩემმა კი თქვა: „ჯონნი, ამ სახის საკვები იქნება ერთობ სახიფათო მოხუცი ქალბატონისთვის“, ახლა საკმაოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დილით ჩვენ მოგვესმა ბებიას ხმა, რომელიც მღეროდა როგორც კანარის ჩიტი, და მამაჩემმა თქვა: „ღმერთმა დალახვროს, როგორ შევძლებ მე დიდი პოეზიის დაწერას ამ ჩიტების საკენკით.“

2014 წ.

суббота, 8 ноября 2014 г.

უჩვეულო ბაღში

ავტორი: ბაჰა’ ტაჰირი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
ბაღის წინ დავიარებოდი ზუსტად მაშინ, როცა მზემ გამოანათა დიდი შავი ღრუბლებიდან. შევედი და დავჯექი გრძელ სკამზე მზისაგან ზურგშექცევით. გულში ვფიქრობდი, ალბათ მზე არ დარჩება ამ ადგილას რამდენიმე წუთზე მეტხანს. მკლავი ჩამოვდე ხის სკამის საზურგეზე და დავიწყე ცისკენ ყურება; ვაკვირდებოდი ერთ დიდ ღრუბელს, ის სკდებოდა პატარა რუხ ქულებად, რომელშიც მნათობის გამჭვირვალე სხივი გადიოდა. ჩავეშვი ამ ფიქრებში და მიხაროდა, რომ მზე ჯერ კიდევ ჩანდა და არ მიმიქცევია ყურადღება ბაღისათვის. პირველი რამაც მიიპყრო ჩემი მზერა იყო მძაფრი სუნი და როდესაც წინ გავიხედე, დავინახე ოთხი ძაღლი ქვის ოთხკუთხა ობელისკთან, მწვანე მცენარეების გარემოცვაში. ერთ-ერთ მათგანს პირში ძვალი ჰქონდა, ხან აგდებდა და ხან კბილებით იჭერდა და ღრღნიდა, თუმცა, როცა სხვა ადგილს ვეძებდი დასაჯდომად, ისევ ძაღლების სუნი მომედინა. როცა ამის ფიქრში ვიყავი, უცებ დავინახე იქვე წარწერა, სადაც ეწერა: „ეს ბაღი განკუთვნილია თქვენი ძაღლებისთვის, გაუფრთხილდით მას, ამ ბაღს იცავს ქალაქის მოსახლეობა.“
იქ იყო აგრეთვე სხვა წარწერებიც; სადაც ისარი უთითებდა ძაღლების მოსასვენებელი ადგილისაკენ, ხოლო სხვა ისარი ძაღლების სათამაშო მოედნისკენ. უცებ ფეხი წამოვკარი რაღაცას, ქვემოთ რომ დავიხედე, დავინახე კიდევ ერთი დიდი ძვალი, ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ძაღლს ჰქონდა უწინ პირში, ფეხით შევეხე მას და მივხვდი, რომ პლასტმასის იყო.
უცებ ბრაზმა მომიარა და მეწვია ის ფიქრები, რომელიც მეწვევა ხოლმე ყოველთვის როცა დავინახავ ასეთ დონდლო, ჩამოშვებულ ძაღლებს. ეს ხალხი კვებავს თავიანთ ძაღლებს იმდენი საკვებით, რაც ეყოფა ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვს გასაძღომად... ამ ევროპელებმა ათწლეულების მანძილზე გაანიავეს მთელი ჩვენი ქონება, ჩვენ ხო გაგვაღარიბეს და მათი ქვეყანა კი ააშენეს და ჩვენგან მოპარული დოვლათით კვებავენ ახლა თავიანთ ძაღლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ვისურვე, ფეხით შემომევლო მთელი ეს ბაღი და თითო-თითოდ დამეხრჩო ეს ძაღლები, რათა დამესვენა, მაგრამ ვიცოდი რომ თუ ერთს მაინც ხელს დავაკარებდი, მომკლავდა მისი პატრონი.
გასასვლელის მიმართულებით ჩქარა გავემართე, მაგრამ სანამ მივიდოდი, მოცახცახე ხმით დამიძახა ერთმა მოხუცმა ქალბატონმა: „მუსიე... მუსიე“... იგი დაყრდნობილი იყო ყავარჯენზე, მეორე ხელს კი ჩემსკენ იქნევდა და მასთან მიხმობდა, შევჩერდი, ეტყობოდა რომ სიარული აღარ შეეძლო, ამიტომ მე გავემართე მისკენ.
როცა მივედი ქოშინით მითხრა:
„თქვენი ძაღლი ხომ არ არის ლულუ, პატარა, ყავისფერი?“
„არა.“
ირგვლივ მიმოიხედა უკმაყოფილოდ და თქვა:
„არ ვიცი სად არის მისი პატრონი, აუცილებელია, მან წაიყვანოს ის აქედან. ეტყობა ავად არის, ან დათვლისას გამორჩა დანარჩენ ძაღლებში.“
„როგორ მიხვდით?“
გაეღიმა, სახეზე ბევრი ნაოჭი მოუხშირდა და თქვა:
„მუსიე, თუ ჩავხედავ ძაღლს თვალებში, შემიძლია გითხრა ავად თუ არის, შემიძლია განვსაზღვრო აგრეთვე მისი ავადმყოფობა.“
„და თუ შეხედავთ ადამიანს თვალებში მაშინაც მიხვდებით?“
„ადამიანებზე უფრო რთულია ამოცნობა.“
ვიდექით გრძელი ხის სკამის კიდესთან, მოხუცს ერთი ხელი წელზე ჰქონდა მოკიდებული, სახეში შემომყურებდა და იღიმოდა, როდესაც მეც გავუღიმე, მან მკითხა: „მაგრამ თქვენი ძაღლი სად არის?“
მშრალად ვუპასუხე:
„მე ძაღლი არა მყავს.“
მან თვალები მოჭუტა, შემდეგ კი გაკვირვებით შემომხედა და მითხრა:
„მესმის, ვგონებ, რომ თქვენ ...“ სიტყვა გაწყვიტა და დასჭირდა დიდი ძალისხმევა რათა დამჯდარიყო ხის გრძელ სკამზე. ცალ ხელს ჯერ კიდევ იშველიებდა ადგილზე გასასწორებლად და მეორე ხელით ჯოხს ჩაბღაუჭებოდა. როდესაც ადგილზე ნელა დაეშვა მთელი სხეულით აკანკალდა, დიდხანს ეხებოდა ხელით სკამის ზურგს, ხვნეშოდა და ქოშინებდა, მერე ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი მის გვერდით; ვიფიქრე, რომ მალე გამეთავებინა მასთან საუბარი და გამეგრძელებინა ჩემი გზა, მაგრამ შემრცხვა მისი გაწბილების და დავჯექი.
იგი იყო სუსტი, უძლური მოხუცი, ტანისამოსზე ეტყობოდა რომ ღარიბი იყო, ეცვა შავი, ხელოვნური ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმელი, ზემოდან კი ნაცრისფერი მატყლის ჟაკეტი ჰქონდა მოსხმული.
ეტყობოდა რომ პარკინსონის დაავადება (ნერვიული) სენი ჰქონდა, დამამშვიდებელ წამალს იღებდა იის არომატით, ხელებზე კანი ყავისფერი პიგმენტური ზოლებით (ლაქებით) ჰქონდა დაფარული, როგორიც ასაკოვან ხალხს აქვს ხოლმე.
დავჯექი გრძელი სკამის კიდეზე, რათა მოხუცი მიხვედრილიყო, რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ საუბარი გააგრძელა იქ, სადაც ადრე შეწყვიტა, თქვა:
„ვგონებ, რომ მესმის თქვენი, თქვენ გიყვართ ძაღლები, ამიტომაც მოხვედით აქ?“
ვგრძნობდი, ნათქვამის დადასტურებას ითხოვდა და მეც მივუგე: დიახ.
„და რატომ არ შეიძენთ ძაღლს?“
„მყავდა მე ძაღლი და მომიკვდა.“
მოხუცმა ადგილიდან წამოიწია, ჩემსკენ ქნა პირი და თქვა: როგორ? როცა შევნიშნე, რომ ქალს პანიკა დაემართა, ვიფიქრე მეთქვა მისთვის, რომ ვიტყუებოდი, მაგრამ შემეშინდა ჩემი მხრიდან ამის აღიარება, რადგან ესეც შოკი არ გამხდარიყო მისთვის და უფრო არ მევნო მისი ჯანმრთელობისათვის. ასე რომ თავი შევიკავე, მის სახეზე მწუხარება ამოვიკითხე და ასე მივუგე:
„ვგონებ, რომ ის ნერვიული კრუნჩხვით გარდაიცვალა.“
მოხუცს თვალები გაუფართოვდა და მან მეორეჯერაც მკითხა: როგორ?
„ეს იყო უბედური შემთხვევა (ავარია).“
მოხუცი ნელ-ნელა უკან გადაიხარა, თავი გააქნია და თქვა: „თუ ამის შესახებ ლაპარაკი თქვენ სევდას განიჭებთ, დაე, ნუ ილაპარაკებთ.“
თავი გავაქნიე და გავჩუმდი. იქ ძაღლების არეულობა და იმ ქალბატონის სულიერი მდგომარეობა გონებიდან ახლაც არ ამომდის, ამასწინათ ერთმა ეგვიპტელმა მეგობარმა მიამბო, რომ ერთ-ერთი პანსიონატის მეპატრონემ მას თხოვა რომ დაეტოვებინა ეს პანსიონატი, რადგან მისი იქ ყოფნა ძაღლების გაღიზიანებას იწვევდა, რაც მოქმედებდა ძაღლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ჩემმა მეგობარმა ეს გაფრთხილება ხუმრობად ჩათვალა, მაშინ პანსიონატის მეპატრონე იძულებული გახდა პირდაპირ ეთქვა, რომ ამ დღიდან დაწყებული მას არ სურდა მისი აქ გაჩერება, ამიტომაც მეგობარს უნდა მოეძებნა სხვა ადგილი დაღამებამდე.
მოხუცმა ამასობაში ყურადღება მოიკრიბა და თქვა:
„უკაცრავად, ნება მომეცით დავუბრუნდე ისევ წინა თემას, მაგრამ ვგონებ, რომ ვერ გავიგონე კარგად, ნუთუ თქვით ნერვიული კრუნჩხვით გარდაცვალება თუ ავარიით?“
„თქვენ გაიგონეთ კარგად, ჩემო ქალბატონო, მე სინამდვილეში ვთქვი ორივე, პირველად ძაღლს შეემთხვა ავტოავარია, ეს იყო მსუბუქი ტრავმა, მივიყვანე ექიმთან, ვგულისხმობ ვეტერინარს, იგი განკურნა ექიმმა და მითხრა, რომ ეს იყო მსუბუქი ავარია, თუმცა ეს ძაღლი ცოტა ხანში მოკვდა. ვგონებ, რომ მას დაემართა ნერვიული კრუნჩხვა.“
ქალბატონმა თავი ისევ გააქნია და თქვა:
„ვწუხვარ, როგორ ვწუხვარ, ოჰ ეს თავგასული მძღოლები, რას უნდა ელოდოთ კარგს, აივსო ქალაქი ამ უცხოელებით და მათი მანქანებით.“
„არ ველოდები ბევრს, მაგრამ მეც აგრეთვე უცხოელი ვარ.“
ქალბატონმა ხელი გულზე დაიდო და თქვა:
„ბოდიშით, გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ გააჩნია, უცხოელებიც არიან და უცხოელებიც, თქვენ რაც შეგეხებათ, რა თქმა უნდა არ შედიხართ იმათ რიცხვში.“
ადგომა და წასვლა განვიზრახე, მზეს უკვე მთელი ბაღი დაეფარა, თან ძაღლების სუნმაც შემაწუხა, როცა ადგომის თადარიგი დავიჭირე, ქალბატონმა ისევ მითხრა:
„რომელი ქვეყნიდან ხართ თქვენ, მუსიე?“
„ეგვიპტიდან.“
ერთი ხელი მკლავზე მომიჭირა, მეორე ისევ გულზე ედო და ისე მითხრა:
„ოჰ, ეგვიპტე!.. ეგვიპტე რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ეგვიპტელი ხართ, მე კი ჩამოსულებში იმ სხვა უცხოელებს ვგულისხმობდი.“
მე კი ვცდილობდი ჩემი ხელის განთავისუფლებას მისგან ზრდილობიანად:
„ნუ მიიტანთ გულთან, ქალბატონო. ვიცი რომ მე არ მგულისხმობდით საერთოდ, მაგრამ ახლა, სინამდვილეში მინდა რომ წავიდე...“
მაგრამ ეტყობოდა, არ ესმოდა არაფერი, რასაც ვეუბნებოდი და ისევ აგრძელებდა ლაპარაკს:
„ეგვიპტე, მშვენიერი ეგვიპტე, იცით, რომ მე ნამყოფი ვარ ეგვიპტეში.“
ისევ დავჯექი მის გვერდით და ვკითხე: „მართლა?“
„დიახ, დიახ... ოცი წლის წინ, შეიძლება უფრო მეტის, ეს იყო ჩემი მეუღლის სიცოცხლეში, ერთად წავედით.. რა ლამაზი იყო ეგვიპტე, რა ლამაზი იყო...“
„და რა ნახეთ იქ?“
„ავიყვანეთ ფელუკა კაიროდან ნილოსის გავლით, სამხრეთის მიმართულებით, ვერ ვივიწყებ მომხიბვლელობას იმ ხედებისა, მთვარეს ნილოსი ირეკლავდა ღამით, ისეთი დიდი იყო მაშინ მთვარე, რომ ბოლო არ უჩანდა. ჩვენს გვერდით ყველგან სიბნელე იყო, ხოლო ჩვენი ნავი პირდაპირ მთვარის შუქზე მიცურავდა, არ ვიცი როგორ აღვწერო ეს ყველაფერი. შემდეგ გამოჩნდა ის მშვენიერი ტაძარი სამხრეთით, „ფუსნატონის“ ტაძარი.“
ცოტა დავფიქრდი და მერე ვუთხარი: „ალბათ გულისხმობთ აბუ სიმბელის ტაძარს?“
და მიპასუხა: „დიახ, დიახ.. უკაცრავად, შემეშალა. აბუ სიმბელის ტაძარი უნდა მეთქვა.“
„და მოგეწონათ ეს ტაძარი?“
„მომეწონა რა სათქმელია, ჩემო ბატონო? ნება მომეცით, რომ მთელი გულრწფელობით გითხრათ: ეს იყო ყველაზე ლამაზი შთაბეჭდილება ჩემს სიცოცხლეში. რამდენი არ ვისაუბრეთ მერე მე და ჩემმა მეუღლემ ამ ტაძრის შესახებ. რა მშვენიერება იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი კლდეშია გამოკვეთილი! ყველაფერი კლდეშია.. ყოველგვარი იარაღის (ხელსაწყოს) გარეშე.“
„აუცილებლად უნდა დავუშვათ, რომ მათ ჰქონდათ იარაღები.“
„მე ვგულისხმობ, რომ მათ არ ჰყავდათ ტექნიკა.. ამწეები და ყოველივე ამდაგვარი ხელსაწყოები.“
შემდეგ თავი გააქნია გაკვირვებისგან და თქვა: „საოცარია, როგორ გადაშენდა ის ხალხი.“
„ვინ გადაშენდა?“
„ეგვიპტელები.“
„ მაგრამ ისინი არ გადაშენებულან!“
ვუთხარი მე ეს გაღიმებით: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შთამომავლობა ვართ.“
მან კი სახე ჩემსკენ მოაბრუნა და თქვა: „ოჰ დიახ, რა თქმა უნდა... თუ შევხედავთ საკითხს ამ კუთხით დიახ, რატომაც არა!“
იმ წუთში მოვიდა ძაღლი და თავი ჩარგო ჩემსა და მოხუცს შორის.
ქალი თავზე მოეფერა ძაღლს. უცებ მე ავცახცახდი ისევე, როგორც ბავშვობაში კაიროში, როცა ძაღლმა შემაშინა, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე, ეს ძაღლი იყო წაბლისფერი, რომელსაც ჰქონდა თეთრი ლაქები, ის იყო გამხდარი და თვალებში სევდიანი გამოხედვა ჰქონდა.
მოხუცმა ქალბატონმა იმწუთში მითხრა: – „შეხედე როგორი გამხდარია ის...“
მერე ქალმა ისევ დაუწყო საუბარი ძაღლს: „ლუკ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რატომ არ ჭამ, ისე როგორც საჭიროა? რატომ არ ჭამ?.. შეხედეთ მუსიე, როგორი გამხდარია ის...“
მერე მე მომმართა ქალმა; თითქოს იმას ითვალისწინებდა, რომ ძაღლი მყავდა დაკარგული და თანაგრძნობის ნიშნით მითხრა:
„შეგიძლიათ მოეფეროთ მას!“
მის ტონში ჩანდა სერიოზულობა, თითქოს მე მიზიარებდა დიდ ცოდნას; ხელი გავიშვირე და ოდნავ შევეხე ძაღლის თავს. ქალი მთლიანად ჩემზე იყო მოჩერებული და მეუბნებოდა:
„არა, არა... შეგიძლია მას შეეხოთ და ითამაშოთ მასთან ერთად, როგორც გინდათ, ლუკი კეთილია.“
მე კი გულში გავიფიქრე: „რა უბედურება მეწია, თავს რომ ვერ დავაღწევ ისეთი,“ და ასე ჩავერთე მასთან თამაშში, ძალიან ცოტა შეხებით შემოვიფარგლებოდი ძაღლთან, სხეულით კი სულ შორს ვჩერდებოდი მისგან, ისეთნაირად რომ მოხუცს არ შეემჩნია ეს.  და უცებ ვკითხე ქალბატონს:
„ლუკი არის თუ არა რთული ძაღლი, ჭირვეული ხომ არაა ჭამაში და თავს ხო არ გაბეზრებთ?“
ეს წინადადება მქონდა მოსმენილი ტელევიზორში, ძაღლების შესახებ რეკლამიდან და გავიმეორე ზუსტად ისე, როგორც გამეგონა. ქალმა კი უარყოფის ტონით მიპასუხა:
„ლუკი რთული?.. არა ჩემო ბატონო, საერთოდ არა, მაგრამ მჯერა იმის, რაც თქვენ თქვით ადრე ნერვიული კრუნჩხვების შესახებ, როცა ავად გავხდი და საავადმყოფოში დავწექი, ლუკი დავტოვე ძაღლების განყოფილებაში. ყველაზე კარგი განყოფილება იყო ძაღლებისათვის, თანაც ყოველდღიური გადასახდელით, როდესაც იქიდან გამოვიყვანე, ასეთი გამხდარი დამხვდა. იქ მითხრეს, რომ მისი სულიერი მდგომარეობა გაუარესდა, როდესაც მე დავშორდი. თუმცა არ მჯერა ამის, უფრო მგონია, რომ ისინი არ აიძულებდნენ მას ისე ჭამას, როგორც საჭიროა, წარმოიდგინეთ ბატონო ჩემო.. ყველაფერ იმის მიუხედავად, რა თანხაც გადამახდევინეს ამაში... “
ამასობაში მე ფეხზე ავდექი და თანაგრძნობის ნიშნად მოხუცს ვუთხარი: „ეს საკმარისია სრულიად, გმადლობთ თქვენ ქალბატონო ამ წუთებისათვის..“
მერე ძაღლს მივუბრუნდი, შორიდან დავუდექი და ალერსით ვუთხარი: „და მადლობა შენ, ლუკ..“
მაგრამ ქალბატონმა მუდარით მომმართა და მითხრა: „შეგიძლიათ რომ დარჩეთ კიდევ ცოტა ხანს, ვისაუბროთ ერთად, ვგულისხმობ, თუ თქვენი სურვილია.. ვგულისხმობ, თუ რამე საქმეში არ მოგაცდინეთ...
ვუპასუხე: „სინამდვილეში...“ შემდეგ დავჯექი.
ლაპარაკობდა მოხუცი და თან ძაღლს ხელს უთათუნებდა: „ეს კეთილი ბატონი ეგვიპტელია, ლუკ, უთხარი ამ ბატონს რომ არ ინაღვლოს. დაკარგა თავისი ძაღლი; უთხარი მას რომ შეუძლია იყოლიოს სხვა ძაღლი.“
დანაშაული გრძნობა დამეუფლა საკუთარ თავში, შევატყვე გარინდება მოსაუბრეს და მეც დუმილი შევინარჩუნე.
ისევ ქალბატონმა წამოიწყო: „დარჩებით აქ დიდხანს?“
„აქ სად?“
„აქ ჩვენს ქვეყანაში.“
„შეიძლება გავჩერდე დიდი ხნით, იძულებული ვარ დავრჩე გარკვეული დროით, სამსახურის გამო.“
„რამდენი ხანია აქ მუშაობთ?“
„დიდი ხანია..“
ერთხანს მეც გავჩუმდი და ისიც, შემდეგ ისევ მე ვთქვი: „რამდენი დრო გავიდა, თითქოსდა ყველაფერი გუშინ მოხდა, თითქოს გუშინ ჩამოვედი ამ ქვეყანაში სასწავლებლად, სწავლის პერიოდში შემიყვარდა ერთი გოგონა და შევთანხმდით, რომ გვექორწინა. დავიწყე მუშაობა აქ, რათა დავრჩენილიყავით ერთად, მაგრამ წავიჩხუბეთ და ერთმანეთს დავცილდით.. მერე შევრიგდით და დავბრუნდით, შემდეგ ისევ ვიჩხუბეთ... და ასე გავიდა დრო.“
„ალბათ, მერე ისევ შერიგდით?“
„არა ქალბატონო, ეს იყო წლების უკან, დიდი ხნის წინათ, ის არ მინახავს უკვე ბევრი წელია და ვგონებ, რომ იგი დაოჯახდა. ჩვენი ისტორია დამთავრდა დიდი ხნის წინად, მაგრამ დროის გასვლას ვერ ვამჩნევ. აწი კი დროა ალბათ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, გაიხარებენ როცა მივალ ჩემი და-ძმა და ნათესავები, თუმცა მომექცევიან როგორც სტუმარს, ჩამოსულს, ვიგრძნობ ალბათ მორიდებას და ვგრძნობ, რომ ძნელი იქნება ჩემთვის ყველაფრის თავიდან დაწყება... სურვილი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია.“
„და აქ გრძნობთ თუ არა მარტოობას?“
„დიახ, ძალიან.“
„და არა გყავთ მეგობრები?“
გავჩუმდი ერთი მომენტი, შემდეგ კი ვთქვი: „მყავს მეგობრები და არც მყავს ისინი, ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანს სინამდვილეში არ შეიძლება ჰყავდეს მეგობრები თავისი სამშობლოს გარეთ. არ არსებობს კაცი, რომელიც თავისი სამშობლოს გარეთ იმყოფება და იგი დაუმეგობრდეს ვინმეს ისე, როგორც ეს საჭიროა, და ისე შეიყვაროს, როგორც ეს ეგების. შეიცვალა ეს გრძნობები... მოდის მძიმე დარდები და უცებ მშორდება სიხარული და სიამენი.“
„არ მესმის თუ რას ამბობთ ზუსტად, ჩემო ბატონო, მაგრამ ვიცი თუ რა არის მარტოობა.“
„და არა გყავთ თქვენ მეგობრები?“
„მყავდა, მათი უმრავლესობა გარდაიცვალა, მეც მალე იმათ შევუერთდები..“
„ჰოი, ნუ მიეცემით ამ ცუდ ფიქრებს, უყურეთ ამ თბილ მზეს, რომელიც ამოვიდა დღეს დილით, ისე რომ არ მოველოდით.“
მიაცქერდა მოხუცი ცას, თითქოს ამოწმებდა მზეს, იქ იყო თუ არა; შემდეგ თქვა:
„და ის იკაშკაშებს კიდევ დიდხანს, მე კი არ ვიქნები აქ.“
მოხუცი ლაპარაკობდა ამას დიდი თვინიერებით, მე კი გარინდებას მივეცი და სიჩუმეში დავრჩი.
ისევ მან დაიწყო:
„მე მყავს ერთი ქალიშვილი, დაოჯახებულია, აქედან მოშორებულ უბანში ცხოვრობს, მოდის ჩემს სანახავად ყოველ კვირა დღეს, ისიც უკვე ასაკოვანია, როცა ცივი ამინდია, ვურეკავ ხოლმე და ვთხოვ, რომ არ მოვიდეს, ყოველთვის როცა ის მოდის, მასთან საუბარს მონატრებულს მსურს, რომ ბევრ რამეზე ვისაუბროთ, ვუმზადებ ხოლმე ჩაის და ნამცხვარს, შემდეგ კი თავს სასაუბროდ განვიწყობ, მაგრამ როგორც კი ჩაის დავლევთ და ვკითხავ მისი მეუღლის შესახებ, საუბარი არ გვეწყობა, ისიც ფიქრებს მიეცემა და მცირე სიტყვას თუ იტყვის, არ მინდა რომ  მკაცრი და მომთხოვნი ვიყო მის მიმართ, იგი კარგი შვილია, შესაძლოა მას აქვს პრობლემები, რაზეც არ უნდა ჩემთან ისაუბროს და არ უნდა ამით ჩემი დამძიმება, ვიმედოვნებ, რომ ვუყვარვარ და ძალიან დამწუხრდება, როცა მე წავალ ამ ქვეყნით. უმეტეს შემთხვევებში, როცა ის მაკოცებს და მიდის, მერე ვესაუბრები ლუკს იმ რაღაცეებზე, რაც უნდა მეთქვა მისთვის, ასე არაა ლუკ?! “
მოხუცმა კვლავ გადაუსვა აკანკალებული ხელი ძაღლს, რომელმაც თავი ჩარგო მორჩილად მის კალთაში, შემდეგ ისევ თქვა მოხუცმა.
ძაღლთან საუბარში გართულს თითქოს დაავიწყდა ჩემი იქ ყოფნა:
„ჩვენ ორი მოხუცი ერთად დავრჩით, ლუკ. მაგრამ გთხოვ, ნუ წახვალ შენც, მას შემდეგ რაც მე აღარ ვიქნები ამქვეყნად. ლუკ, ეს ცხოვრება, ეს ცხოვრება მშვენიერია ყველაფრის მიუხედავად.“
შემდეგ უცებ ჩემსკენ შემობრუნდა მოხუცი და ისევ ხელი მაგრად მომიჭირა:
„ეს ცხოვრება ლამაზია, ჩემო ბატონო, ჰოი, რაოდენ მშვენიერია ის!“
შემდეგ კი თვალებიდან ცრემლები გადმოღვარა.
მე კი გამწყრალი მივუბრუნდი და ვუთხარი: „რატომ ლაპარაკობთ ასე ქალბატონო, თქვენ გყავთ ქალიშვილი, რომელსაც უყვარხართ, და იცხოვრებთ კიდევ დიდხანს. ერთდროს ყველანი წავალთ, მაგრამ არავინ იცის, ვინ როდის წავა...“
„თქვენ სწორი ბრძანდებით, ჩემო ბატონო, საავადმყოფოში ექიმმა იგივე მითხრა. ვინ იცის?“
უცებ მაღალი ხმით გაიცინა, ეს სიცილი მხედრების ჭიხვინს ჰგავდა, შემდეგ თქვა:
„ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ გამოყრუებულ მოხუცს, რომელმაც დრო დაგაკარგვინათ; ბოდიში თუ შეგაწუხეთ, ახლა კი დროა რომ მე და ლუკმა რამე ვჭამოთ, თქვენ თუ გსურთ, შეგიძლიათ რომ წახვიდეთ..“
მოიწმინდა ცრემლები, რომელიც ჩამოეღვარა სახის ნაოჭებზე, მერე გახსნა ხელჩანთა და ამოიღო იქიდან ღვედი, რომელიც ძაღლს გაუკეთა კისერზე, თუმცა ძაღლი თავს დაბლა ხრიდა და არ ემორჩილებოდა პატრონს, ქალბატონი ძლივს ადგა თავისი ადგილიდან, ჯოხს ეყრდნობოდა, მე კი ვეხმარებოდი, სანამ მყარად არ დადგა ფეხზე.
მითხრა: „მადლობა თქვენ.. მადლობა გადაუხადე ამ კეთილ ეგვიპტელს, ლუკ, იმედი მაქვს, გნახავთ მეორედაც, ჩემო ბატონო...“
მე კი ღიმილიანი სახე შევაგებე ქალბატონს და მის ძაღლს ლუკს და თავზე ხელი გადავუსვი, მან თავისი მოკლე კუდი შეაქიცინა, შემდეგ ორნი წავიდნენ, ტოვებდნენ მათ უკან ორმაგ ჩრდილს, ამგვარად ნელ-ნელა მშორდებოდნენ..
ქვის ოთხკუთხა ობელისკთან ერთმა პატარა ძაღლმა გაბმული ყეფა გამართა, უმეტესობა ძაღლები და მათი პატრონები სასადილოდ გაეშურნენ, დარჩა მხოლოდ ეს ძაღლი, უცებ ქალბატონი ჩემსკენ მობრუნდა და ხმააწევით მითხრა:
„არ გეუბნებოდით, რომ ეს ძაღლი ავადაა, სად შეიძლება რომ მისი პატრონი წასულიყო?“
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თან მეღიმებოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ძაღლების ყეფა ამ ქვეყანაში მიაჩნდათ ავადმყოფობის აუცილებელ ნიშნად. ისევ დავჯექი ჩემს ადგილზე, მზეზე.. ვაკვირდებოდი მის ჩრდილს, რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა... დავჯექი მორჩილად, დამავიწყდა ცუდი სუნის არსებობა, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რაოდენ სევდით სავსე იყო ეს ცხოვრება, დავფიქრდი ჩემს საყვარელ ადამიანზე (გულისსწორზე), რომელიც დავკარგე, ჩვენს განშორებაზე და იმ დაკარგულ ბედნიერებაზე, რომელიც ჩვენ ორმა განვიცადეთ, ასევე ვფიქრობდი ამ ავადმყოფ მოხუც ქალბატონზე და მის მარტოობაზე. ვიგონებდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებიც წავიდნენ და ის დროებაც თან წაიღეს, ვიგონებდი იმ ოცნებებს, განცდილს, რომლებისგან არაფერი დარჩა და არცერთი განხორციელდა. ჩემს გულში ვთქვი: „დეე, იარსებე ძაღლების ბაღო, მაგრამ ეს ცხოვრება რა მშვენიერია..  დე, იარსებოს.“
მერე ავდექი ნელა, მძიმედ, უკან ჩამოვიტოვე ძაღლების ბაღი, და ჩუმად გავედი ერთ უბანში, სადაც არავინ მოძრაობდა, თუმცა როგორც კი შევუხვიე პირველივე ქუჩაზე, ჩემს გვერდით შევნიშნე ერთი დახურული სკოლის ღობე, სადაც მიწაზე იყო დამხობილი ეს მოხუცი, ხოლო ძაღლი ლუკი ყნოსავდა დიდ ხელჩანთას, დაგდებულს ტროტუარზე, მე ძირს დავიხარე და დავიყვირე:
„ლუკ, ჰეი ძაღლო.. რატომ არ ჰყეფ და არ იკლებ აქაურობას?“
მოხუცის სახე იყო დანაოჭებული, ჩალურჯებული, თუმცა სუნთქავდა, უცებ გავიქეცი სატელეფონო ჯიხურისკენ და ვაგრძელებდი ყვირილს: „ლუკ, რატომ არ ჰყეფ, ჰოი ძაღლო, რატომ არ ჰყეფ.“
მალე მოვიდა სასწრაფოს მანქანა და ერთმა მედდამ უცებ გაუკეთა ნემსი ქალბატონს, იქვე ტროტუარზე, მეორემ ცხვირზე ჟანგბადის მოწყობილობა დაუმაგრა. მესამემ კითხვების დასმა მე დამიწყო, რასაც რვეულში იწერდა, მე მას ვუთხარი: „არ ვიცი მისი სახელი, არ ვიცი მისი ავადმყოფობის შესახებ, შევხვდი მას ამ ბაღში, შემდეგ კი ვნახე ამ ტროტუარზე წაქცეული.“
თუმცა რამდენიმე წუთში გამახსენდა დ ვუთხარი: „მომისმინეთ, მან მითხრა, რომ ჰყავს ქალიშვილი.“ შემდეგ ამ კაცმა დაიწყო მოხუცის ჩანთის გადმობრუნება, ათვალიერებდა შიგნით ქაღალდებს და მითხრა: „დავურეკავთ ამ ქალბატონს ჩვენ, ნუ იღელვებთ..“
ეს პროცესი არ გაგრძელებულა რამდენიმე წუთზე მეტხანს, ის-ის იყო საკაცეზე დააწვინეს ავადმყოფი და აიყვანეს მანქანაში, ავტომობილი გაბმულ ზუზუნა ხმებს გამოსცემდა და თავზე მწვანე ფერის ნათურა უტრიალებდა, ვკითხე იმ მედდას, რომელიც უწინ კითხვებს მისვამდა: „ეს ძაღლი, ლუკი, სად უნდა წავიდეს, ეს ქალბატონი მისი პატრონია.“
ლუკი იდგა იმ მანქანის უკანა კართან, რომელიც ღია იყო, და ძაღლი ხმადაბლა ყმუოდა..
და მედდამ მითხრა ისე, რომ კეტავდა მანქანის კარს:
„გთხოვთ, ნუ მომაცდენთ, თქვენ ხომ გინდათ რომ ვუშველოთ ამ ქალბატონს, განა ასე არაა?“
უცებ მოწყდა ავტომობილი ადგილიდან, ხმამაღლა აუწია სირენას, მერე ნელ-ნელა გამშორდა და შეწყდა ეს ხმაურიც. ლუკი მისდევდა ამ მანქანას უკან, თავიდან ჰყეფდა, შემდეგ შეწყვიტა და ჩემსკენ გამოიქცა.
ასე შემომყურებდა და კუდს იქნევდა, მეც ვუცქერდი მას და ვთქვი, თან ჩუმად ვიცინოდი: „რა ვქნათ აწი ჩემო ლუკ, ამ მშვენიერ სამყაროში?“
შემდეგ მივატოვე ის და მივტრიალდი სხვა მხარეს და სწრაფად წავედი მისგან, მაგრამ ჩემს უკან გავიგონე  ფოლადის ტარის ხმა, რომელიც ძაღლის ღვედს ჰქონდა, რაც ტროტუარზე მონოტონური ხმით რეკავდა: თირაქ, თირაქ, თირაქ ...
და მე შევჩერდი.

2014 წ.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

ჰაჯარი

ავტორი: მაჰმუდ ალ-ბადავი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)

დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ, რომელიც რვა წელიწადს გრძელდებოდა მიმატოვა ჰაჯარმა, ის ადრიან დილას სახლიდან გავიდა და უკან აღარ მობრუნებულა, ყველგან დავიწყე მისი ძებნა, სადაც შეეძლო რომ წასულიყო, მაგრამ ვერ მივაგენი მის კვალს.
ეს გოგონა ჩემს სახლში იზრდებოდა, რომელიც შვიდი წლის იყო სოფლიდან რომ ჩამოვიყვანე, რათა ემსახურა ჩემთან, თუმცაღა არასდროს ვამუშავებდი მას როგორც მოსამსახურეს, რადგანაც იყო ობოლი და ღარიბი, თუმცა ძაან ლამაზი და მზესავით მომღიმარი.
ჰაჯარი თავისი ბავშვობის პირველ მონაკვეთში საერთოდ არ იტყუებოდა, იყო სიმართლისა და ერთგულების მაგალითი, იგი ხშირად მიყვებოდა ამბებს მთელი სიწრფელითა და გულახდილობით, ისეთ კითხვებს როცა ვუსვამდი ხოლმე, რაზეც პასუხი არ იცოდა, მაშინვე სხარტად მპასუხობდა – „არ ვიცი!“ საერთოდ აღარ ცრუობდა..
სულ მუდამ მხიარული და გაღიმებული იყო, ასე რომ ავსებდა მთელს სახლს სიხარულითა და ბედნიერებით.

* * *
გადიოდა წლები, იზრდებოდა ჰაჯარი, შეიცვალა მისი სხეული, გოგონამ ქალური ფორმები მიიღო, მკერდი შეევსო, თვალები ქალწულებრივი ბრწყინვალებითა და ეშხით აევსო. ხმა გაუნაზდა, მშვენიერება და მიმზიდველობა მოემატა, თუმცა ამასთანავე დაეუფლა სიჩუმე და გულჩათხრობილობა, შეიცვალა მისი ხასიათი, ხშირად ვხედავდი წარბშეკრულს და დადარდიანებულს, რაღაც მიზეზთა და მიზეზთა გამო, ამასთან, დაიწყო ტყუილების თქმა და სიტყვის მიკიბვ-მოკიბვა, სარკეშიც დიდხანს იყურებოდა და მზერას უსწორებდა მას.
ერთხელ როდესაც შინ დავბრუნდი, ვნახე ჰაჯარი კარებთან იდგა და პურის გამყიდველ ბიჭს ეჩხუბებოდა, ეს ყმაწვილი იქნებოდა ასე ჩვიდმეტი წლის, ჰაჯარმა გააგდო ეს ბიჭი სახლიდან და სრული ორი თვე მისგან პურის ყიდვაზე უარი განაცხადა, თუმცა მალევე მოულბა გული და იყიდა მისგან პური, როცა ვკითხე რატომ მოიქცა ასე, მიპასუხა:
–აჰ, ჰასანი? ჰასანი საწყალია!..
შემდეგ კი კვლავ თავის სიჩუმეს დაუბრუნდა, მე გაოცებული დავრჩი ჰაჯარის ასე უეცარი ცვლილებით..

* * *
ერთხელ კიბეზე ავდიოდი და მომესმა ყვირილისა და ტირილის ხმა, უცებ დავინახე რომ ჰაჯარი სცემდა მასზე ასაკით პატარა მსახურს, იმიტომ რომ მან პური იყიდა ჰასანისაგან, როდესაც ვკითხე რატომ სჩადიოდა ამას, ქვითინით მიპასუხა:
–ის ძაღლის შვილია, რომელიც სახლიდან გავაგდე, როგორ შეიძლება მისგან პურის ყიდვა, ის ყაჩაღი და ქურდია!
მე გავჩუმდი და აღარაფერი მითქვამს.

***

ერთ დღეს გავიდა ჰაჯარი სახლიდან და აღარ დაბრუნებულა, იგი იმ პურის გამყიდველ ბიჭთან ერთად გაპარულიყო...