ავტორი: ვ. საროიანი
ძვირფასო გრეტა გარბო
(წერილი)
(ინგლისურიდან თარგმნა – ზ. ბერაძემ)
ძვირფასო მისს გარბო:
იმედი მაქვს, რომ შემნიშნეთ ამ ბოლოდროინდელ დეტროიტის
ამბოხების ჟურნალისტურ ქრონიკაში, {დეტროიტის
ამბოხი – გაფიცვა დეტროიტში, ფორდის ავტომობილების ქარხანაში}, სადაც ჩემი თავი გატეხილ
იქნა. თუმცა არასოდეს მიმუშავია ფორდის ფირმაში, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა იქ
მიმდინარე არეულობის შესახებ და რადგანაც იმდღეს არაფერი საქმე არ მქონდა, გავყევი
ჩემს მეგობარს პირდაპირ ბრძოლის ეპიცენტრში; ჩვენ ვიდექით გაფიცულთა წრეში პატარ-პატარა
ჯგუფებად, მივედ-მოვედებოდით ამათუიმ საკითხებს, იქ ბევრი რადიკალურად გამსჭვალული
აზრი და საუბარიც იყო, მაგრამ მე არანაირ ყურადღებას არ ვუთმობდი ამეებს.
არ მეგონა, რომ იქ რამე მოხდებოდა, მაგრამ როდესაც ვნახე
პრესის ავტომობილების მოძრაობა, წარმოვიდგინე, რომ ახლა გამიჩნდა კინოში მოხვედრის
შესაძლებლობა, ისეთში, როგორიც ყოველთვის მინდოდა, ასე რომ შორი-ახლო დავეხეტებოდი,
ვუცდიდი რა ჩემს რიგს, ყოველთვის ვიცოდი, რომ ისეთი აგებულების სახე მქონდა, რომელიც
სასურველი იყო კინოში გადასაღებად და ეკრანზე შთაბეჭდილების მოსახდენად და მე ფრიად
კმაყოფილი ვიყავი ჩემი შესრულებით (პერფომანსით), თუმცა მცირე არასასიამოვნო შემთხვევამ
ერთი კვირით საავადმყოფოში დამახანა.
როგორც კი საავადმყოფოდან გამოვეწერე, მაშინვე გეზი
ავიღე პატარა თეატრისკენ, ჩემს სახლთან ახლოს. იქ უჩვენებდნენ კინოქრონიკას, რომელშიც
მე ვმონაწილეობდი. ასე რომ ციმციმ წავედი კინო-თეატრში, რათა მენახა ჩემი თავი ეკრანზე.
სურათი მართლა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და თუ თქვენ ამ კინო-ქრონიკას ყურადღებით
მიადევნებდით თვალს, შეუძლებელია მე არ შეგემჩნიეთ და გამოგრჩენოდით, იმიტომ რომ მე
ვარ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ატარებს ლურჯ-სარჟიან კოსტიუმს, და მას ქუდი დაუვარდა
კადრში, როცა დევნისას ამბოხებულებმა გაქცევა დაიწყეს. გახსოვვართ? მაშინ მოვტრიალდი
სამჯერ, თუ ოთხჯერ, რათა კინოკამერას ჩემი სახე უფრო კარგად გადაეღო და ვგონებ, რომ
თქვენ შემამჩნიეთ, როგორ ვიღიმებოდი. მინდოდა მენახა ჩემი ღიმილი როგორ გამოჩნდებოდა
ამ მოძრავ სურათში, და იმის თქმაც შემიძლია ახლა, რომ ის გამოიყურებოდა ერთობ კარგად.
ჩემი სახელია ფელიქს ოტრია და ჩემი გვარი იტალიური წარმოშობისაა,
მე უმაღლესი სკოლადამთავრებული ვარ და ვსაუბრობ ინგლისურად ისე კარგად, როგორც იტალიურად,
ცოტათი ვგავარ რუდოლფ ვალენტინოს და რონალდ კოლმანს, {რუდოლფ ვალენტინო და რონალდ კოლმანი
– ცნობილი ამერიკელი კინომსახიობები, რომლებმაც შექმნეს მრავალი სახე უბადლო სილამაზისა
და ქალების გულთა პყრობილების}, და მე დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ იმის გაგონება,
რომ სესილ ბ. დემილმა თუ ამგვარმა დიდმა ტუზებმა შემამჩნიეს და მნახეთ, როგორი კარგი
მასალა ვარ ფილმებში გადასაღებად. {სესილ დე მილი – ცნობილი კინორეჟისორი}.
ამბოხების ერთი ნაწილი მე გამოვტოვე, რადგანაც პოლიციელებმა
გამომათრიეს ეპიცენტრიდან, მერე საინფორმაციო ქრონიკაში ვნახე ეს ყველაფერი, რაც მოიცავდა
წყლიან შლანგებს, ცრემლსადენი გაზის ბომბებს და სხვა დანარჩენ ატრიბუტებს. თუმცა მე
ვუყურე ამ კადრებს თერთმეტჯერ სამი დღის განმავლობაში, შემიძლია გულდაჯერებით ვთქვა,
რომ არცერთი კაცი, სამოქალაქოთაგან, თუ პოლიციელებისგან არ იდგა ისე მოშორებით ამ აურზაურისაგან,
როგორც მე. და ახლა მაინტერესებს, გააცნობთ თუ არა ამ საქმეს კინოკომპანიას, რომელშიც
თქვენ მუშაობთ; იმედია ისინი არ გამოაგზავნიან ჩემს დასაჭერად წესრიგის დამცველებს
და არ გადამცემენ სასამართლოს. ვიცი, რომ მომავალში კარგად მოვიქცევი და სიკვდილამდე
თქვენი მადლობელი ვიქნები, მისს გარბო. მე გამაჩნია ძლიერი ხმა და შემიძლია ვითამაშო
საყვარელი მამაკაცის როლი ძალიან კარგად. ასე რომ, ვიმედოვნებ, თქვენ გამიწევთ მცირედ
სამსახურს (რეკომენდაციას), ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, ახლო მომავალში მომიწიოს
კიდეც გმირის თამაში სურათში თქვენთან ერთად.
თქვენი ერთგული პატივისმცემელი
ფელიქს ოტრია.
Комментариев нет:
Отправить комментарий