ბედის გაღიმება
ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
რომელ იმედს შეუძლია უხვი გახადოს ცხოვრება, ჩანს რომ
ეს გოგონა თავისი ოჯახის მკვიდრი წევრია, მაგრამ ამავდროულად სრულებით უცხოა, მიიწევს
მისი ცხოვრება განაპირას, უკიდურეს გარიყულობაში. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ
ბევრნი ტრიალებენ, მაინც ისაა პირველი, ვინც იღვიძებს, რომ მოამზადოს საუზმე, რომ დაკავდეს
უწყვეტი საქმიანობით, რაც მთავრდება ჭურჭლის დარეცხვით ვახშმის შემდეგ. იგი ვერ გრძნობს
ოჯახის თანაარსებობას, სანამ მათთან არ დაჯდება საჭმლის მაგიდასთან, ან კიდე მაშინ,
როცა ტელევიზორთან იკავებს თავის ადგილს დღიური აუნაზღაურებელი შრომის შემდეგ. ათი
საათი რომ მოაწევდა მაშინ თუ ეტყოდა თაფიდა ხანუმი, მისი მამის ცოლი ისეთი ტონით, რომელიც
ითავსებდა თანადროულად სარწმუნო წინდახედულობასა და პირფერულ თანაგრძნობას:
-დრო არის რომ დაიძინო, ნაიმა, მიიღე შენი წილი დასვენება!
ამ ქალს არ ანაღვლებდა მისი დასვენება, არამედ დაშურვებული
იყო მისი ადრიანი გაღვიძებით, ამაზე მეტყველებდა ის ზიზღი, რასაც ამჟღავნებდა იგი გოგონას
მიმართ და რასაც ღრმა ფესვები ჰქონდა. ნაიმა მოიცვებოდა ხოლმე სიჩუმით, ზოგჯერ კი მკვახე
სიტყვის წარმოთქმით. ის ქალი (დედინაცვალი) კარნახობდა მას ყველაფერს და უკეტავდა კიდეც
იმედის გზას უხეში კედლით. დაახლოებით შვიდისთვის გადიოდა საცხოვრებლიდან მამამისი
ბატონი ბაქრი სახელმწიფო სამსახურში. მას უკან მიჰყვებოდნენ დედინაცვლის სამი ქალიშვილი,
რომლებიც შეუერთდნენ მამას მაშინათვე, როგორც კი დაამთავრეს ინსტიტუტი, ხოლო ნაიმა
იღებდა ოჯახის მთელს შრომას თავზე თაფიდა ხანუმის ზედამხედველობის ქვეშ. შეუძლებელი
იყო ამ დროისათვის მსახურის ქირაობა და აი, ნაიმა ავსებდა ამ სიცარიელეს ჯამაგირის
და თუნდა მადლობის გარეშე, თითქოსდა ვალდებულება აიძულებდა ლუკმისა და ეგრეთწოდებული
სახლში გაჩერების სანაცვლოდ ემუშავა, არადა ეს სახლი მამამისის იყო; ვერაფერს გახდა
და რა ექნა, დამორჩილდა მის უბედურ მდგომარეობას, ისევე როგორც დამორჩილებულ იქნა მამამისი
ახალი ცოლის ნება-სურვილს. ორივე მათგანი ეძებდა დაჩაგრულობაში მწუხარებისაგან თავშესაფარს.
თითქოს მიეჩვია იგი თავის ხვედრს, ამასთანავე მიეჩვია თაფიდა ხანუმის სიძულვილს, ასევე
უხეშ და იაფ, ბიჭბუჭურ ტანსაცმელსაც, მისი მომავალი გაუფერულდა იმის გამო, რომ უარი
უთხრეს სწავლის მიღებაზე და დატოვეს სახლში შინამოსამსახურედ; ამან მისი მომავალი მსხვერპლად
შესწირა მუდმივ შურს, არ მიუღია მამისაგან არანაირი დაცვა, ვერ უპოვია არავინ მხსნელი
მის გარშემო ადამიანებში, მას შემდეგ რაც დედა დაკარგა. დედა როცა დაკარგა იგი რვა
წლის იყო, აი ახლა უკვე ის გადაცილებული იყო
ოცდარვა წელს. თითქოს არავის შეემჩნია მისი სილამაზე დამცირების, ჭუჭყის, უსწავლელობის,
ასაკის მიზეზით, მომავალი არ უღიმოდა მას გახსნილი ღიმილით, გარდა ოცნებებისა და იმ
ოცნებებსაც ცხადში არ სურდათ ახდენა; ნუთუ გამოლევდა და ამოხაპავდა ის თავის ჭირ-ვარამს
ფსკერამდე, მამა ზოგჯერ გადაიტანდა თანაგრძნობის მზერას თავის საწყალ ქალიშვილზე, ისიც
მეორე ცოლის შეუმჩნევლად. გოგონას ცხოვრება მძიმე ტვირთს ჰკიდებდა, მას ფიქრი გასაჭირიდან
თვითნუგეშისკენ გადაჰქონდა და იტყოდა ხოლმე ამოოხრებით:
-„დამივიწყა მამამ, როგორც დედაჩემი დაივიწყა აქამდე!“
ყოველთვის როცა დედინაცვალი გამოიწვევდა გოგონას ჩხუბში
ოჯახის ყველა წევრი: დები და მამამისიც კი მის წინააღმდეგ მხედრდებოდა, ბოლოს კი მიიმწყვდევდნენ
ერთ კუთხეში დამარცხებულს და ჩაჩუმათებულს; ნამდვილად ეს სახლი მისი ჩაგვრით იყო დაკავებული
და კიდეც სძულდა გოგონას ეს სახლი თავისი მრავალჯერ გატეხილი გულის სიღრმეში. ყმაწვილქალობის
პირველ წლებში მას ხშირად უოცნებია ბედნიერ, სასწაულებრივ იღბალზე, უფიქრია თავისი
ოცნების მამაკაცზე რომელთანაც ამ სიღარიბისა და ხელმოკლეობის მიუხედავად ბედნიერად
იფრენდა ზეცაში, თუმცა არ დადგა ეს ნანატრი ჟამი. ყოველთვის როცა იგი სარეცხს ჰფენდა
აივანზე ანდა ბაზარში გადიოდა, მაშინ მისკენ იყო მიმართული ზოგის მზერა და გულისცემა,
მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. მამამისის ცოლი შეგონებით მიმართავდა
თავის შვილებს, ასევე გოგონას გასაგონად:
-ხელმომჭირნედ იცხოვრეთ შვილებო, დაეყრდენით საკუთარ
თავს; მამათქვენს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ ქალიშვილებს მზითვები გაგიმზადონ!
ხოლო ეს მზაკვარი ქალი საკუთარ შვილებს ცალკე იბარებდა
და არიგებდა, მამისათვის ფული როგორ გამოეტყუათ, ერთი ქალიშვილი მიმართავდა მამას ასე:
-ახალგაზრდა კაცს დღეს სჭირდება ისეთი ცოლი, ვინც გვერდში
დაუდგება მას ოჯახური ტვირთის ზიდვაში, ხოლო სამსახური თავისი კარგი ხელფასით წარმოადგენს
სურვილების ასრულების ერთ საშუალებას ჩვენს დროში...
ამ დროს დაჩაგრული ნაიმას გული ვეღარ მოითმენდა ხოლმე
და ეტყოდა მამას:
-რომ არ გეიძულებინათ ჩემთვის სწავლის მიტოვება, დღეს
მეც ვიქნებოდი რომელიმე სამსახურში.
მაშინ უპასუხებდა მას დედინაცვალი გადაჭრით:
-არადა შენ იყავი სუსტი სწავლაში, ამიტომ შენგან დიასახლისი
გამოვიყვანე, სულ არაფერს ეს მაინც სჯობდა.
ძალაუნებურად კი გოგონა ასე შესძახებდა:
-უფალია ჩემსა და შენს შორის, დაე, განსაჯოს!
მაშინ დედინაცვალი ასე შეჰყვირებდა:
-სიტყვას მიბრუნებ კიდეც?!
ამ დროს მათ ჩხუბში ჩაერეოდა მამა და დები, გოგონა კი,
როგორც წესი, ამ დავაშიც დამარცხებული გამოდიოდა; რა აზრი ჰქონდა საუბარს, რა აზრი
ჰქონდა დავას, ყველაფერი უშედეგო იყო, და აი კიდეც ახალი სახის უბედურება დაატყდათ
თავს: ერთმა ახალგაზრდამ მისი ერთი დის ხელი ითხოვა დიდი მზითვის ფასით, მაგრამ ნიშნობა
ჩაიშალა მისატანის უქონლობის მიზეზით და ერთ საღამოს მათ ოჯახში გაიმართა ხანგრძლივი
მსჯელობა საქორწინო ხარჯების თაობაზე. ნაიმაც მაშინ მიხვდა, რომ მისი დებიც მასზე ბედნიერები
არ იყვნენ , თუმცა ცოტა უპირატესობა მათ მაინც ჰქონდათ. მართლაც რომ შეიცვალა სამყარო
მის ირგვლივ და მოვიდა განსაცდელი მათ თავს განურჩევლად იმის, დაიმსახურა თუ არა ამათუიმ
ადამიანმა ეს სასჯელი.
ერთ ზამთრის დღეს იგი ბაზრიდან შინ ბრუნდებოდა, წელზე
ნაცრისფერი შალი ეხვია და ხელში მწვანილის კალათა ეჭირა. ჩვეულებისამებრ შეჩერდა დარაჯის
ცოლთან ერთი-ორი სიტყვის სათქმელად, უცებ იმ ქალს უთხრა:
-ჩემი თავი გენაცვალოს, როგორ ხარ, გემსახურები უსასყიდლოდ
ქალმა მძიმედ გადაჰხედა და უპასუხა:
-უკვე ისე გავხდი, რომ ვერ ვიტან შენს ოჯახს, იმის გამო,
როგორც შენ გექცევიან!
ნაიმამ ჩაიბუტბუტა:
-უფალი არსებობს...
ქალმა კი გამომცდელად ჰკითხა:
-რას ფიქრობ ყოველდღიურ ხელფასიან სამუშაოზე?
ჯერ კიდევ გოგონას თავი სხვებზე უარესად არ მიაჩნდა,
როგორი იყო მისთვის მოახლეობა, იგი ხომ კეთილშობილი ოჯახიდან იყო, ამიტომ ასე მიუგო:
-განა ხელფასი ყველაფერი არის?!
-რა თქმა უნდა არის, ნუ იქნები შენი თავის მტერი...
არ უძინია გოგონას იმ ღამეს ფიქრებში გართულს, ხელფასი
არ წარმოადგენდა მისთვის ერთადერთ დასახარბებელ საგანს, არამედს ეს სამსახური მისთვის
იყო თაფიდა ხანუმის ჩაგვრისაგან განთავისუფლების საშუალება და აგრეთვე სამაგიეროს მიზღვა
მამამისისათვის და მისი დების ეგოიზმისათვის. საუბრები მასა და დარაჯის ცოლს შორის
კიდევ გაგრძელდა. თავის სახლში ნაიმა უარობდა სამუშაოს დაწყებას და ამბობდა:
-მე პატივსაცემი ოჯახის შვილი ვარ. ხოლო დედინაცვალი
უმატებდა:
-და შენ გყავს პატივცემული ოჯახი აგრეთვე!
წავიდა ერთ დღეს ნაიმა სახლიდან და უკან არ დაბრუნდა.
დაიწყო მუშაობა ას გინეად ერთ ოჯახში ქალაქ მუჰანდისინში და გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა
ჩაცმითაც და ჯანმრთელობითაც. ორ წელიწადში დაქორწინდა კიდეც ერთ ელექტრიკოსზე, რომელიც
მისი შესაფერისი იყო ძალიან. მოგვიანებით თავის თავში იპოვა ძალა და ინახულა თავისი
ოჯახი, რომ გაეცნო მის ქმარს ეს ხალხი და მისი ახალი ოჯახიც გაეცნოთ მათ. აი, ბედიც,
რომელმაც გაანთავისუფლა გოგონა ამათი კლანჭებისაგან...
და მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ის დღე იყო,
როდესაც იგი მივიდა თავის ძველ ბინაში ახალი სახით და ლამაზი სამოსით, თან გვერდს უმშვენებდა
მისი ბედნიერი მეუღლე.
2014 წ.